ოლიმპიური თამაშების დაფუძნებისას პიერ კუბერტენი დარწმუნებული იყო, რომ მისი წამოწყება მშვიდობისა და ხალხთა ერთობის სიმბოლო გახდებოდა, თუმცა მასშტაბური სპორტული ღონისძიება ბევრისთვის მხოლოდ პროპაგანდისა და პოლიტიკური მიზნების განხორციელების იარაღად იქცა. სწორედ ოლიმპიადა გამოიყენა პალესტინურმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ “შავმა სექტემბერმა” საკუთარი მიზნებისთვის, როდესაც 1972 წლის 5 სექტემბერს მიუნჰენში ისრაელის ოლიმპიური ნაკრების 11 წევრი აიყვანა მძევლად. სპორტსმენები პოლიციის მარცხიან სპეცოპერაციას ემსხვერპლნენ, 1972 წლის ოლიმპიური თამაშები კი, არა მხოლოდ სპორტის, არამედ მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენად იქცა.