LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელი იქნება ახალი შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს: ურსულა ფონ დერ ლაიენი

251
ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, „შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელი იქნება ახალი შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს“.

როგორც ლაიენმა ბუქარესტში ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ შავი ზღვის უმნიშვნელოვანესი და უახლოესი როლი უზრულნველყოფილია“.

„ძალიან მახარებს, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს აქ ვიმყოფები, საქართველოს, აზერბაიჯანის უნგრეთის ლიდერებთან ერთად. ეს შეთანხმება ევროკავშირს უფრო დააახლოებს ჩვენ პარტნიორებთან სამხრეთ კავკასიის რეგიონში, დაგვეხმარება, რომ უფრო სუფთა ენერგორესურსის და მატარებლების მიწოდება მოხდეს. რუსეთის ომის დაწყების შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წიაღისეულისა და რუსული ენერგიისთვის უარი გვეთქვა და ჩვენი პარტნიორობა გაგვეძლიერებინა – აი, ეს პარტნიორობა, რომელიც ამ დარბაზშია და ეს მუშაობს! ევროკავშირმა შეძლო შეემცირებინა რუსული რესურსების ათვისება და ეს არ არის მხოლოდ ახალი გეოპოლიტიკური ენერგოუსაფრთხოების გზა, ეს არის ასევე სამომავლო ინიციატივების საფუძვლის შექმნა სუფთა ხელმისაწვდომი ენერგორესურსების მიღების კუთხით. ეს ეხება განახლებად ენერგიას, პლანეტის დაცვას, ჩვენ ქვეყნებში გამომუშავებულ ენერგიას, სამუშაო ადგილების გაზრდას, უსაფრთხოებას, დამოუკიდებლობას და ძალიან მიხარია, რომ ეს შეთანხმება განახლებად ენერგიაზე ასეთ აქცენტს აკეთებს. ამ განახლებადი ენერგიის მზარდი წვლილის ინტეგრაციისთვის ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ჩართვა და ამისთვის არის მნიშვნელოვანი რუმინეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეს ახალი ელექტროკაბელი. ეს ნამდვილად ძალიან ამბიციური პროექტია. ეს დაგვაკავშირებს შავი ზღვის ორივე მხარეს და კასპიის ზღვას. ციფრული კომუნიკაციის და ენერგოუსაფრთხოების კუთხით, ეს ინიციატივა ჩვენ დაგვეხმარება მიწოდების უზრუნველყოფაში და ელექტროენერგია განახლებადი წყაროებიდან შემოვა ევროკავშირში – რუმინეთისა და უნგრეთის გავლით. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი იქნება ახალი გადაცემის ხაზი და ახალი შესაძლებლობის ფანჯარა. ეს პროექტი ჩვენ მოგვცემს და საქართველოს მისცემს ევროპულ დანიშნულებას და ძალიან ბევრ სარგებელს, საქართველოს აქცევს ელექტროენერგიის ჰაბად და შიდა ენერგობაზარსაც გააუმჯობესებს. საბოლოო ჯამში, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელი დაეხმარება ჩვენ მეზობლებს მოლდოვაში და დასავლეთ ბალკანეთში. რა თქმა უნდა, უკრაინას ეს დაეხმარება ქვეყნის რეკონსტრუქციაში. როგორც ჩემი სიტყვებიდან ხედავთ, პროექტი ძალიან ბევრ დაპირებას გვთავაზობს და მისი შესრულება ჩვენზეა. ჩვენ ვაპირებთ შევასრულოთ ეს მიზნები – ენერგომიწოდება, ეკონომიკების ჰარმონიზაცია სწორედ ამიტომ, მოუთმენლად ველი ამ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგებს, რომელიც ახლა მიმდინარეობს.

ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ ინიციატივას იმიტომ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ ფინანსურად იმ პროექტებს,რომელიც საერთო ინტერესებს ემსახურება და საერთო ინტერესები ძალიან თვალსაჩინოა ამ პროექტში. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამით უზრუნველყოფილია შავი ზღვის უმნიშვნელოვანესი და უახლოესი როლი“, – აცხადებს ფონ დერ ლაიენი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობა დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად გვაქცევს, ისევე როგორც ზღვაზე წვდომის არმქონე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რვა ქვეყნის კარიბჭედ, რაც უმნიშვნელოვანესი კვანძია ევროკავშირის გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპისადმი ენერგორესურსების მიწოდების კონტექსტში.

„მიხარია, რომ დღევანდელი მნიშვნელოვანი შეკრების გამორჩეულ საზოგადოებას მივმართავ. მინდა, მადლობა გადავუხადო რუმინეთის მხარეს ღონისძიების მასპინძლობისა და ორგანიზებისთვის, რომელიც ისტორიული მნიშვნელობისაა. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ურსულა ფონ დერ ლაიენს მისი მხარდაჭერისთვის ამ პროექტის მიმართ.

არსებულმა გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა და უკრაინაში მიმდინარე ომმა უფრო მეტად გამოკვეთა დივერსიფიკაციის და მედეგობის საჭიროება, ენერგოუსაფრთხოების სფეროში გადაუდებელი გამოწვევების მოსაგვარებლად. საქართველოს გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობა ბუნებრივად გვაქცევს დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად, ისევე როგორც ზღვაზე წვდომის არმქონე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რვა ქვეყნის კარიბჭედ; რაც უმნიშვნელოვანესი კვანძია ევროკავშირის გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე, სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპისადმი ენერგორესურსების მიწოდების კონტექსტში.

ამიტომ, უმთავრეს პრიორიტეტად ვაქციეთ დაკავშირებადობა და განსაკუთრებული ხედვა შევიმუშავეთ კავკასიის რეგიონისა და ევროპის დასაკავშირებლად. ენერგიის, ციფრული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და მოდერნიზაციის მიმართულებით აქტიურად ვახორციელებთ ინვესტიციებს. ეს სექტორები შესაბამისობაში მოგვყავს ევროკავშირის ნორმებთან და სტანდარტებთან, ისევე როგორც იმ ვალდებულებებთან, რომლებიც ასოცირების შეთანხმებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით, საერთო საავიაციო სივრცის შესახებ შეთანხმებითა და ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების ფარგლებში ვიკისრეთ. ევროპის ძირითადი სატრანსპორტო ქსელის გაფართოება და აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს გვთავაზობს ისეთი სტრატეგიული პროექტების მხარდაჭერისთვის, რომლებსაც ეროვნული და ფართო რეგიონალურ მნიშვნელობას ფლობს.

რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ინიციატივით, მუშაობა დაიწყო პროექტზე, რომელიც კავკასიის რეგიონისა და ევროპის ენერგეტიკულ დაკავშირებადობას გულისხმობს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის საშუალებით. დღეს მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის სფეროში აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერით ჩვენ ვადასტურებთ მზაობას მწვანე ენერგიის მიწოდების კონტექსტში მჭიდრო თანამშრომლობაზე.

კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია განახლებადი წყაროებიდან ჭარბი ენერგიის წარმოების მიმართულებით, რაც მეზობელ ქვეყნებს შეიძლება, მიაწოდოს. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი მნიშვნელოვან პერსპექტივას გვანიჭებს. ხსენებული პროექტით მოხდება განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების ხელშეწყობა და გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. ამ პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ელექტროგადამცემი ხაზებისა და სისტემების დაკავშირებით, ევროპა შეძლებს, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიას დაუკავშირდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პოპულალურები