LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეცდომა იყავი, თავიდან ბოლომდე”, “შეუთავსებელთა შეთავსება შეუძლებელია” – პოლიტიკური შეფასებები ვაშაძის გადაწყვეტილებაზე

286
BeFunky-collage

რატომ დატოვა გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ – პარტიაში ოფიციალურ განმარტებებს ამ დრომდე არ აკეთებენ.

მოულოდნელი პოსტი, რომელმაც უკვე გამოიწვია არაერთგვაროვანი შეფასებები,  „ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ დღეს დილით „ფეისბუქით“ გაავრცელა და საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა. ვაშაძე ამბობს, რომ პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღება უძნელდება, თუმცა სხვა გამოსავალს ვერ ხედავს.

გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს

 

“ოდიოზური ფიგურების” გამოჩენა, ელჩების წინააღმდეგ “გაჩაღებული თავდასხმა” და სხვა უთანხმოებები – ეს არის მოკლე ჩამონათვალი იმ მიზეზების, რის გამოც ვაშაძე პარტიას ტოვებს და ბოდიშსაც იხდის.

  • არ ვეთანხმები პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. კიდევ უფრო მიუღებელია ჩემთვის პარტიული სტრატეგიის არარსებობა. ეს მხოლოდ ე. წ. ქართულ ოცნებას აძლევს ხელს.
  • ვერ შევეგუები იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასადროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას.
  • შეუძლებელია ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია ვინ და რა მიზნით წამოიწყო. ამით ადგება უდიდესი ზიანი საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან.
  • იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ამ კამპანიის მონაწილეებს არასდროს გაუგით, რომ ელჩზე თავდასხმა იგივეა, რაც თავდასხმა იმ სახელმწიფოზე, რომელსაც ის წარმოადგენს, და რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს მოქალაქესთან ერთად ჩვენი სახელმწიფოს და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე სდგას.
  • ბოდიშს ვუხდი ჩვენ მეგობრებს!

გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ პრობლემების ჩამოთვლას აღარ გააგრძელებს, რადგან კერძო საუბრებში მათზე თავად პარტიის წევრები საუბრობენ.

მისი უკვე ყოფილი თანაპარტიელები კი ვაშაძის განცხადებას ასევე, სოციალურ ქსელში ეხმიანებიან. როგორც ჩანს, ვაშაძის გადაწყვეტილება არც თუ მოულოდნელი აღმოჩნდა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე ვაშაძის გადაწყვეტილების გამო წუხს, თუმცა გვირჩევს, რომ ცვლილებებს ცივილიზებულ ფარგლებში უნდა შევხედოთ.

“პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო გრიგოლ ვაშაძეს. ის ურთულეს წლებში შემოგვიერთდა და ჩვენთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე იბრძოდა. ვწუხვარ, რომ ბოლომდე პოზიციების დაახლოება ვერ მოხერხდა პარტიასა და თავმჯდომარეს შორის. თუმცა ცვლილებები ხდება და ყველაფერს ადამიანურად, ცივილიზებულ ფარგლებში უნდა შევხედოთ – დაუღალავი, უკომპრომისო ბრძოლის და უკეთესი ცვლილებების ფონზე.დარწმუნებული ვარ, საქართველოს მომავალი ზუსტად ასევე ესახება ბატონ გრიგოლს, სადაც არ უნდა იყოს მომავალში. – წერს დეკანოიძე.

აქვე აღნიშნავს, რომ სხვა დეტალებში ჩაღრმავებას არ აპირებს.

შეუთავსებელთა შეთავსება შეუძლებელია – ასე ეხმაურება საარჩევნო ბლოკ „ენმ-ძალა ერთობაშიას” წევრი, დავით ბერძნიშვილი გრიგოლ ვაშაძის პოსტს.

„პატივს ვცემ გრიგოლ ვაშაძეს. მოსალოდნელი იყო. მესმის მისი. შეუთავსებელთა შეთავსება შეუძლებელია. წარმატებებს ვუსურვებ”, – დაწერა დავით ბერძნიშვილმა facebook-ზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პარტიიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ბევრისთვის – არა.

“გრიგოლ ვაშაძე რთულ პერიოდში მოვიდა ნაციონალურ მოძრაობაში. შემოიტანა ის, რის დეფიციტსაც მაშინ პარტია განიცდიდა. მისმა გამოცდილებამ და პირადმა თვისებებმა პარტიას შემატა საერთაშორისო იმიჯი და შიდა სტაბილურობა. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის მიერ ნაჩვენებ ბრწყინვალე შედეგში დიდი იყო გრიგოლ ვაშაძის პირადი წვლილი. ბატონმა გრიგოლმა პარტიაში მოიტანა ბევრი რამ და არ წაუღია არაფერი. არც ყოფილა ეს მისი მიზანი. კიდევ სამი წელი დადო ქვეყნის დემოკრატიული მშენებლობის საქმეში. პარტიიდან მისი წასვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ბევრისთვის არა. შეიძლება ზოგს არ მოეწონა ამ გადაწყვეტილების დრო, ზოგს ფორმა. არ არის ადვილი მიიღო ყველასათვის მოსაწონი გადაწყვეტილება, მით უმეტეს, პოლიტიკაში. მადლობა ბატონო გრიგოლს ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის.”- წერს რომან გოცირიძე.

სხვებისგან განსხვავებით სამადლობელი სიტყვა არ უთქვამს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ზვიად კუპრავას. მან  ვაშაძეს სუსტი და მატყუარა უწოდა.

“როცა თავმჯდომარე ხარ და შიდა ამბებზე წუწუნებ – ე.ი. სუსტი ხარ. როცა 2 კვირის წასული ხარ და წასვლის მიზეზად 2 დღის ამბავი მოგაქვს – მატყუარა. შეცდომა იყავი, თავიდან ბოლომდე” – წერს ზვიად კუპრავა.

პარტია “გირჩის” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ვაშაძის გადაწყვეტილება შიდაპარტიულ ამბავს უკავშირდება.

“გრიგოლ ვაშაძეს ერთ რამეში ცალსახად ვეთანხმები, ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ელჩების კრიტიკა არც მე მგონია სწორი, მათ შორის უხეში ფორმით. სხვა მხრივ, ეს “ნაციონალური მოძრაობის” შიდაპარტიული ამბავია, ხდება ასეთი რაღაცებიც. მე ვისზე რა უნდა ვთქვა, ჩვენი პარტიაც გაიყო ახლახანს,” – აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე.

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი კი წერს, რომ ენმ-ს ყოფილი თავჯდომარისგან განსხვავებით ოპოზიციაში არიან “ცრუპენტელებიც”.

“გრიგოლ ვაშაძემ ნაცმოძრაობა დატოვა, მიზეზად არჩეული ტაქტიკა დაასახელა!  ეს არის გრიგოლ ვაშაძის პოზიცია და უფლება!
არ არის სწორი მისი ლანძღვა, (განსაკუთრებით ამ პარტიის, ზოგიერთი წევრის და მომხრისგან) ის გაეცალა პროცესს ეს მისი ნებაა, პირველივე დღიდან მას სხვა პოზიცია ჰქონდა ( გვახსოვს მისი განცხადება, პარლამენტში სავარაუდო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით) განსხვავებით, ზოგიერთი “ცრუპენტელასგან”, გულზე მჯიღს რომ, ირტყამდა “შენი მანდატი არ მჭირდება ივანიშვილოო”, ასე, რომ განსხვავებული პოზიცია სხვა არის და “ცრუპენტელობა” სხვა. გრიგოლ ვაშაძეს საკუთარი აზრი და ეს პოზიცია აქვს, ( არ არის მისი ლანძღვა სწორი) ის დიპლომატია პროფესიით – ეს მისი არჩევანია!”- წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

ენმ “ანტიდასავლურ ძალად” ყალიბდება – გამოხმაურებები “ქართულ ოცნებაში”

გრიგოლ ვაშაძის პოზიცია გასაკვირი არ ყოფილა მმართველი გუნდის წევრებისთვის.

“მისი დღევანდელი განცხადება არც შინაარსობრივად და არც ფორმით არ გამკვირვებია. ის საუბრობს ოდიოზურ ფიგურებზე და ერთ-ერთ მათგანს მე ცხელი კარტოფილი დავარქვი, როდესაც მან ციხე დატოვა. მეგონა და მჯეროდა, რომ ეს ის ცხელი კარტოფილი იყო, რომელსაც გონიერი პოლიტიკური ძალა ახლოს არ მიიკარებდა, მაგრამ როგორც ჩანს ეს ის ძალებია, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეყრდნობოდა. რთულია ოპოზიციაშიც “ნაციონალური მოძრაობა” თავიდან მოიშორო ისინი მიაქანებენ პოლიტიკურ ძალას ჩიხისკენ,”- აღნიშნა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა.

“ქართული ოცნების” წევრი კახა კუჭავა კი მიიჩნევს, რომ ვაშაძემ პარტიიდან წასვლით დაადასტურა ის, რომ ენმ “ანტიდასავლურ ძალად” ყალიბდება.

“გრიგოლ ვაშაძემ დაადასტურა ის, რასაც დიდი ხანია ჩვენ ვსაუბრობთ “ნაციონალურ მოძრაობაზე”. ის, რომ არათუ სტრატეგია არ გააჩნიათ, რეალურად, ყალიბდებიან ერთ-ერთ ყველაზე დიდ ანტიდასავლურ ძალად. მისი კომენტარი, რომელიც ვერ ეგუება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ გამოთქმულ შეტევებს, ლანძღვა-გინებას, რა თქმა უნდა, მისაღები უნდა იყოს ყველა იმ ქართველისთვის, ვინც თვლის, რომ ამ ქვეყანას სხვა გზა არ აქვს, თუ არა დასავლეთისკენ სწრაფვა და მან ეს ვერ დაინახა იმ პარტიაში, რომელსაც ყოველთვის მოჰქონდა თავი პროევროპულ და პროდასავლურ ძალად”, — განაცხადა კუჭავამ.

სკანდალური განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ  უკვე გაჩნდა გვარები, რომელიც შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ აირჩიო.

იხილეთ ვრცლად:

ვინ ჩაენაცვლება ვაშაძეს?

 

magti 5g