პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია აცხადებს, რომ „შეცდომა იყო იმ ღონისძიების ორგანიზება, რომელშიც გავრილოვი მონაწილეობდა და რომლის ჩატარებაც საქართველოს პარლამენტში იგეგმებოდა“. როგორც ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გახარიამ განაცხადა, გავრილოვის ქვეყანაში და პარლამენტში შემოშვების გამო, „ქვეყანამ პოლიტიკური ფასი გადაიხადა“.
გახარიას თქმით, 2019 წელს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების დროს, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა და „ვაჟბატონ გავრილოვთან ერთად მყოფი 3 ადამიანი უკან მიაბრუნა, რადგან მათ დარღვეული ჰქონდათ კანონი ოკუპაციის შესახებ“. რაც შეეხება თავად უწყების პოზიციას, გახარიას თქმით, შსს-მ გავრილოვის შემოშვება/არ შემოშვებასთან დაკავშირებით პოზიცია მკვეთრად დააფიქსირა და თქვა, რომ „ამ კაცის შემოსვლა იწვევდა მაღალ რისკებს“.
„გავრილოვის შემოშვება/არშემოშვება იყო ტექნიკური საკითხი, ამ ღონისძიების ჩატარება/არჩატარება იყო თავიდან ბოლომდე პოლიტიკური საკითხი. მე მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი. პოლიტიკურმა ისთებლიშმენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩემი/ჩვენი ამოცანა იყო ამ გადაწყვეტილების შესრულება და შევასრულეთ. ჩვენ ჩვენი აზრი გამოვთქვით – იმ ვაჟბატონთან გავრილოვთან ერთად კიდევ 3 ადამიანი იყო, რომელიც მივაბრუნეთ უკან, რადგან მათ დარღვეული ჰქონდათ კანონი ოკუპაციის შესახებ და მათთან სამართლებრივი ინსტრუმენტი არსებობდა. არც გვიკითხავს – საზღვარი დავუკეტეთ და გათავდა. შეცდომა იყო ამ ღონისძიების ორგანიზება, შეცდომა იყო ამ ღონისძიების საქართველოში ჩატარება, შეცდომა იყო ამ ღონისძიების პარლამენტში ჩატარება, რასაც მოჰყვა ყველაფერი ის, რაც მოჰყვა. ამის გამო პოლიტიკური ფასი გადაიხადა ყველამ, საბოლოო ჯამში ქვეყანამ.
შსს-მ თავის აზრი გავრილოვის შემოშვება/არშემოშვებასთან დაკავშირებით დააფიქსირა მკვეთრად. ჩვენ გამოვთქვით აზრი, რომ ამ კაცის შემოსვლა იწვევდა მაღალ რისკებს. რა მნიშვნელობა აქვს ვინ მიიღო გადაწყვეტილება. დეტალები გამოძიებამ გაარკვიოს“, – აცხადებს გიორგი გახარია.