წყარო : რეზონანსი
ბიძინა ივანიშვილი იქადნება, რომ მალე სასახლიდან პრეზიდენტს ძალით გამოასახლებენ. მარგველაშვილს რეზიდენციის დატოვება აუცილებლად მოუწევს, სურს მას ეს თუ არა, განაცხადა გუშინ ექსპრემიერმა.
მართალია, იურისტების თქმით, სამართლებრივად ამის ბერკეტი მთავრობას გააჩნია, მაგრამ პოლიტოლოგები იმაზე მიანიშნებენ, რომ ეს “ოცნების” ხელისუფლებას საკმაოდ ძვირად დაუჯდება.
რეზიდენცია სახელმწიფოს საკუთრებაა, შესაბამისად, აღმასრულებელ ხელისუფლებას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება პრეზიდენტისათვის მისი ჩამორთმევის შესახებ. მანვე უნდა დაადგინოს თუ სად განაგრძობს იგი მოღვაწეობას. თუკი მარგველაშვილი რეზიდენციას საკუთარი სურვილით არ დატოვებს, იძულებით აღსრულების პროცესი დაიწყება.
სააკაშვილის მიერ აგებულ სასახლეში შესვლის გამო ივანიშვილი პრეზიდენტს ყველა საჯარო გამოსვლისას აკრიტიკებს. შემთხვევა ხელიდან არც გუშინ გაუშვია, როდესაც ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტის უარს ათონელის რეზიდენციაში გადასვლასთან დაკავშირებით “ცინიზმის ძალიან მაღალ დონე” უწოდა.
“მთავარი, რასაც მე ვხედავ, არის ის, რომ ყველამ უნდა დაიცვას კანონი, პატივი სცეს ქართულ სახელმწიფოს. პირველ რიგში, პრეზიდენტმა… რა თქმა უნდა, ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება, მას ეს სურს თუ არ სურს. სახელმწიფო სახელმწიფო უნდა იყოს და სტრუქტურებმა თავისი უფლებამოსილება უნდა განახორციელონ. თავის დროზე მთავრობამ განაცხადა, რომ კანონიერი ქმედებისგან თავს შეიკავებს. ეგ დროც დადგება,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.იურისტები იმ პროცედურებს განმარტავენ, რომელიც პრეზიდენტის სასახლიდან გამოყვანისთვისაა საჭირო და ამბობენ, რომ თუკი მთავრობა ამას მოინდომებს, მიაღწევს კიდეც.
იურისტი პაატა შავაძე ამბობს, რომ მთავრობის გადასაწყვეტია, თუ სად უნდა ასრულებდეს პრეზიდენტი თავის საქმიანობას და რომელ შენობასაც გამოუყოფს, პრეზიდენტი იმას უნდა დასჯერდეს.
“პრეზიდენტს არ აქვს უფლება, გაჯინიანდეს და იქიდან გამოსვლაზე უარი თქვას. მთავრობის გადაწყვეტილების აღსრულებისათვის კი სამართლებრივად ყველა ბერკეტი არსებობს. თუკი მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ პრეზიდენტმა სასახლე უნდა დატოვოს, ეს გადაწყვეტილება ჩვეულებრივად უნდა აღსრულდეს. კანონის აღსრულებას წინ პრეზიდენტიც კი ვერ აღუდგება. შენობა სახელმწიფოს საკუთრებაა და მთავრობას შეუძლია, იგი სამართლებრივი ხერხით გამოათავისუფლოს და მესაკუთრეს – სახელმწიფოს ჩააბაროს,” – ამბობს შავაძე.
გელა ნიკოლაიშვილი, ადვოკატი: “ამისათვის საჭიროა, მინისტრთა კაბინეტმა უბრალოდ დაადგინოს, რომ პრეზიდენტის რეზიდენცია ამა და ამ მისამართზე უნდა იყოს. აღსრულებაც ჩვეულებრივ მოხდება, პრეზიდენტი ვალდებული იქნება, კანონს დაემორჩილოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც ისაა გამორიცხული, ძალით გამოსახლების სცენაც კი ვნახოთ. თუმცა, სამარცხვინო იქნება, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ პრეზიდენტი სასახლიდან ძალით გამოასახლოს. ეს მთელი ქვეყნისათვისაა ცუდი.”
პრეზიდენტის სასახლის გარშემო შექმნილ ამ ხანგრძლივ აჟიოტაჟს “სამარცხვინოს” უწოდებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე და ამბობს, რომ ეს ყველაფერი ვნებს როგორც მმართველი გუნდის, ისე ქვეყნის იმიჯსა და სახეს. ის ხელისუფლებას უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებით დაკავებას ურჩევს.
“არ მგონია, ეს ქვეყნისათვის ყველაზე პრინციპული საკითხი იყოს. ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა ყვავის, სიღატაკეა, ეროვნული ვალუტა ყოველდღე უფასურდება და ფასები იზრდება, დავიჯერო, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ რომელ შენობაში იჯდება მარგველაშვილი? მმართველი პარტია დანასისხლადაა გადაკიდებული “ნაციონალურ მოძრაობას”, ყოფილ პრეზიდენტს, ახალ პრეზიდენტსაც, ეს ყველაფერი კი ქვეყანას სახელს უტეხს.
“რომ ამბობენ, ავლაბრის რეზიდენცია უმაღლეს სასწავლებლად უნდა გადაკეთდესო, არაგონივრულია, რადგან გადაკეთება იმხელა ფასი დაჯდება, რომ სჯობს, საერთოდ ახალი ააშენონ, დიდი სხვაობა არ იქნება,” – აცხადებს ცინცაძე.