“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პოლიტიკოსები სხვადასხვა საკითხზე მსჯელობით გაერთნენ და მნიშვნელოვანი და მოსაგვარებელი პრობლემები დაავიწყდათ.
ხვიჩიამ პლენარულ სხდომაზე რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება და პოლიტიკოსებსაც მოუწოდა ამ საკითხებზე იფიქრონ.
“ძალიან გავერთეთ პოლიტიკური პროცესებით, პარლამენტში შესვლა-არ შესვლის და ა.შ. მთავარი საკითხი, რაც ქუჩებში გვხვდება, გვავიწყდება. ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში ძალიან შეცვლილია, ძალიან უსახური და ნაცრისფერი ხდება ნელ-ნელა ყველაფერი. თითქოს ადამიანებს არაფერი არ უხარიათ, რასაც მე ვაკვირდები, და არ აქვთ იმედი, რომ ამ ქვეყნიდან რამე გამოვა, ეკონომიკა შეიცვლება…
მოხსენით კომენდანტი, ჯანდაცვამ კარგად იმუშავა – ზილფიმიანი
ასეთ პირობებში ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს გამოცხადებული “კომენდანტის საათი”. ფაქტობრივად, ადამიანების გაღარიბების პროცესი ყოველდღიურად ხდება ჩვენს თვალწინ და გამოცხადებული გვაქვს ადამიანებისთვის შეზღუდვა, თან შეურაცხმყოფელი შეზღუდვა, როგორიც არის 21:00 საათის მერე სახლიდან ვერგამოსვლა. ნებისმიერ პატიმრობას აქვს ვადა და უნდა ჰქონდეს ვადა ნებისმიერ ასეთ შეზღუდვას, რომელიც ეხება მთელი ქვეყნის უდანაშაულო მოსახლეობას. შეიძლება პარლამენტს და პარლამენტის წევრებს კითხვაზე არ ჰქონდეს პასუხი როდის დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას? შეიძლება მთელი ქვეყნის მოსახლეობის 6 თვე ციხეში გამოკეტვა ჩვეულებრივ ამბად მიგვაჩნდეს? შეიძლება ეკომომიკის ასეთ გაჩერებას ვეგუებოდეთ ისე, რომ თითქოს არაფერი არ ხდება? შეიძლება 100 ათასობით დაკარგული სამუშაო ადგილს ვპასუხობდეთ იმით, რომ იცით რა ვირუსია და რა ვქნათ სხვებიც ასე იქცევიან, შეიძლება იმედს არ ვაძლევდეთ ადამინებს, რომ რაღაც დაიწყება ქვეყანაში და ოდესღაც იურთიერთობენ?” – თქვა ხვიჩიამ.
პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ახალი რეგულირებისა და ბიუროკრატიული სამსახურის მოფიქრების დროს, ხელისუფლებაც და პარლამენტში მყოფი ოპოზიციაც ეკონომიკას მუხრუჭს ადგამს:
“მინდა, რომ მუხრუჭებიდან ფეხი ავწიოთ, ეს ძირითადად ხელისუფლებას ეხება, მაგრამ რადგანაც პარლამენტში ვარ ჩემს თავსაც ჩავთვლი აქ, მივცეთ საშუალება ქვეყნის ეკონომიკას, რომ წინ წავიდეთ. ეს მუხრუჭი მხოლოდ კორონა შეზღუდვა კი არ არის, ჩვენ მუხრუჭს ვადგამთ ეკონომიკას ნებისმიერ ახალი რეგულირების შემოღების და ნებისმიერი ახალი ბიუროკრატიული სამსახურის მოფიქრების დროს. მერე გვიკვირს, რომ ადამიანებს იმედი ერთმევათ, რომ ამ ქვეყნიდან რაიმე გამოვა.” – თქვა მან.
ხვიჩიამ აღნიშნა, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის მთავარი ამოცანა იმედის დაბრუნებაა, იმედის, რომ ქვეყანაში რაღაც შეიცვლება და ისე არ გაგრძელდება, როგორც ბოლო წლების განმავლობაში.