პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმინეს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
მისი თქმით პოლიციელი, რომელიც იქ (აქციაზე) იმყოფება, სიცოცხლეს დათმობს ნებისმიერი ახალგაზრდისათვის:
“შეიძლება, პოლიციის მხრიდან არის რაღაც გადაცდომები, რომელსაც სამინისტრო გააანალიზებს, მაგრამ დამოკიდებულება ადამიანებს შორის არ იცვლება. მეორე წუთში ის პოლიციელი, რომელიც იქ იმყოფება, სიცოცხლეს დათმობს ნებისმიერი ახალგაზრდისათვის. ეს არ არის ლიტონი სიტყვა. ის პოლიციელებიც ჩვენი შვილები არიან და როცა საჭირო იქნება, ჩვენი სიცოცხლის დასაცავად დადგებიან” – განაცხადა ვოლსკიმ.
მმართველი გუნდის წევრის თქმით, შედეგით უნდა ვიმსჯელოთ, ვინ არის პრორუსული ძალა.
„რა შედეგს ვხედავთ? სიყალბეს, პირფერობას, ვითომ პროდასავლურობას და უნდათ, რომ ახალგაზრდების ზურგზე შემომჯდარი შემოვიდნენ სახელისუფლო სისტემაში. არცერთი ახალგაზრდა, ვინც აქციაზე იყო, არ იტყვის, რომ ლევან ხაბეიშვილს წაჰყვება იმ ბრძოლაში, რასაც პოლიტიკური ბრძოლა ჰქვია…
ეს საქართველოა, რომელსაც თავისი ღირსება, თავისი პოზიცია და წონა უნდა გააჩნდეს საერთაშორისო ასპარეზზე. ასე რომ, მართლაც, ჩვენი გზა არის ევროპისკენ, რასაკვირველია, არა რუსულ კანონს, მშვიდობა საქართველოს. სწორედ ისე უნდა იყოს ყველაფერი, როგორც ჩვენი ერის, ახალგაზრდების და თითოეული ჩვენგანისთვის აჯობებს“– განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ძალიან სამწუხაროა ალეკო ელისაშვილის შემთხვევა“ – ვახტანგ გომელაური