ჩამოვა-არ ჩამოვა, ჩამოვა-არ ჩამოვა – ლამისაა უკვე გვირილაზე მკითხაობა დაიწყო ხალხმა იმის გასარკვევად, რას იზამს მიხეილ სააკაშვილი – შეასრულებს თუ არა პირობას და მართლა ჩამოვა თუ არა საქართველოში? თითქმის ყოველი არჩევნების წინ სააკაშვილი გვიანონსებს, რომ ბრუნდება და ეს დღე არა და არ დადგა. ახლაც, ორი კვირის წინ გვითხრა, რომ ბრუნდება, მერე დაახლოებით ერთ კვირაში ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მეორე დღეს დაბრუნების გეგმაზე ისაუბრებდა. ყველა ელოდა ამ დღეს.
დაახლოებით 20-წუთიან გამოსვლაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ისაუბრა მისი ხელისუფლების დროს დაშვებულ შეცდომებზე, მოიხადა ბოდიში, სთხოვა ამომრჩეველს, რომ შეცდომების გამოსწორების უფლება მისცენ, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე… რაც შეეხება ჩამოსვლას, სააკაშვილმა გვითხრა: „ბევრს მეკითხებიან თუ როდის ჩამოვალ საქართველოში. მე ჩამოვალ ისეთ პირობებში, რაც არ გამოიწვევს დაპირისპირებას და რაღაც სახის არეულობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იყოს მშვიდობიანად. თავის დროზე მე ხელისუფლება გადავაბარე მშვიდობიანად და ნამდვილად არ ვაპირებ არეულობით ხელისუფლებაში მოსვლას”, – თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.
მე ჩამოვალ ისეთ პირობებში, როდესაც ეს არ გამოიწვევს დაპირისპირებას და რაღაც სახის არეულობას - სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას მხოლოდ ორი წლით აპირებს
მართალია, ის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა, მაგრამ დაბრუნების არ იყოს, აქაც გაჩნდა კითხვა – ესეც მოჩვენებითი დაპირება ხომ არ არის, რადგან კანონით, მსჯავრდებულ პირს თანამდებობაზე ვერ დანიშნავენ. თუ მან ჩამოსვლა არჩევნებადე გადაწყვიტა (რაც ნაკლებ სავარაუდოა, თუმცა გამორიცხული არაფერია), მას საქართველოში ციხე ელოდება. ამაზე მიანიშნა პრემიერმა გახარიამ, როცა თქვა, რომ „მობრძანდეს“ და მოგვიანებით იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც.
რადიო „ფორტუნამ“ გადაწყვიტა, იურისტებთან გაერკვია სამართლებრივად რა რეალობა ექნება სააკაშვილს, თუ მან ხვალ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა.
ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი გვეუბნება, რომ მისი აზრით, მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლის დამნაშავეა და სასჯელი უნდა მოიხადოს.
„სააკაშვილის დროს პროკურატურის უზურპაცია მოხდა – ეს იყო რეჟიმი, ამიტომ მისი ბოდიში, რომ მაპატიეთ, არაფერს ნიშნავს. ვფიქრობ, მან პასუხი უნდა აგოს. როგორც იცით, სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილია განაჩენი, რომელიც ძალაშია შესული, თუმცა იყო ბრალდებები, რომ სააკაშვილმა შამპუნები და თეთრეული მოიხმარა – „ქართულმა ოცნებამ“ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო არა იმ საქმეებზე, რაზეც უნდა დაეწყოთ. ამიტომ ეს კაცი სავარაუდო პოლიტიკური ბრალდების პირად აქციეს. პრეზიდენტი ხან შამპუნს იყიდის, ხან – თეთრეულს, როგორ შეიძლება ამაზე დავა“, – ამბობს ხატიაშვილი.
ოპოზიციამ სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად დაასახელა
ყოფილ პრეზიდენტს საქართველოში დაბრუნების შემდეგ პატიმრობა ელოდება.
იურისტი სააკაშვილის გააქტიურების მიზეზებსა და საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში პროცესების განვითარებაზეც საუბრობს.
„სააკაშვილი ახლა რატომ გააქტიურდა იცით? მასზე უარესი ადამიანი მოვიდა ხელისუფლებაში, ფეოდალი ხეგლეჯია. ამიტომ იფიქრა სააკაშვილმა, ეს რა კარგი რამეები დავინახე, თურმე შს მინისტრად შეიძლება ჩემი პირადი მცველი დამენიშნა, კბილის ექიმი – ჯანდაცვის მინისტრად. სააკაშვილმა იგრძნო, რომ საქართველოში მასზე ბევრად დიდი ურჩხული მოვიდა ივანიშვილის სახით. ამიტომ ის ფიქრობს, რომ აქვს გამარჯვების შანსი. მას, კანონის მიხედვით, საზღვარზე დაკავება ელის, მაგრამ წარმოგიდგენიათ სააკაშვილი გლდანის ციხეში? იქ იქნება 50 ათასი ნაცი მისული და ეს რაოდენობა ყოველდღე გაიზრდება“, – ამბობს ხატიაშვილი.
რადიო „ფორტუნა“ იურისტ გიორგი ფანცულაიასაც ესაუბრა, რომელმაც გვითხრა, რომ ზოგადად, კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია და დანაშაულთან მიმართებაში იმუნიტეტი არავის აქვს.
„მე არ ვარ საქმის ადვოკატი და ვერ ვიტყვი სააკაშვილი უდანაშაულოა თუ დამნაშავე. კითხვის ნიშნები ლოგიკურია. ასეთი პირის საქმეები დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა გადასინჯოს. მიუხედავად იმისა, განაჩენი სამართლიანია თუ არა, კანონიერ ძალაშია შესული. ამიტომ თუ ეს ადამიანი გადმოკვეთს საზღვარს, ის ექვემდებარება დაკავებას.
თუ მესამე ქვეყნიდან, მაგალითად თურქეთიდან შემოვა, მისი დაკავების ლეგიტიმური უფლება თურქეთს აქვს, მაგრამ შეიძლება სააკაშვილმა ისე გადმოკვეთოს საზღვარი, რომ მესამე ქვეყანაში არ შევიდეს. როგორც ვიცი, ოდესა-ბათუმის რეისი ჩვეულებრივ მოძრაობს. რაც შეეხება საქართველოში მის დაკავებას, ადვოკატს აქვს უფლება არსებული გადაწყვეტილება ერთ თვეში გაასაჩივროს. ცხადია, ადვოკატი ერთ თვეს არ დაელოდება. ანუ არჩევნებამდე თვენახევრზე მეტი რჩება, რომ სასამართლო პროცესი ჩაინიშნოს – ეს სამართლებრივად მოსწრებადია. მეორე მხარეა – რას იზამს „ქართული ოცნება“, – ამბობს ფანცულაია.
„ჩვენი დროის კურიოზი“: სააკაშვილი საკანში თუ პრემიერის სავარძელში? – პირველობაზე მეოცნებეთა რიცხვი გაიზარდა
რადიო „ფორტუნა“ სააკაშვილის, როგორც პრემიერობის კანდიდატად წარდგენის საკითხსაც შეეხო და იურისტებს აზრი ამაზეც ჰკითხა.
„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის პოსტზე კანდიდატად წარდგენას, ამის ლეგიტიმური უფლება “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს. აქ საინტერესოა, სამართლებრივად ეს რამდენად განხორციელებადია. 31 ოქტომბრის შემდეგ, თუ ხელისუფლება შეიცვალა და მოვიდა ოპოზიცია, სადაც წამყვანი ძალა „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება, ასეთ დროსაც კი, სამართლებრივად, სააკაშვილი პირველი ჯერის პრემიერი მაინც ვერ გახდება, სანამ მსჯავრდებულის სტატუსი არ მოეხსნება. მას ექნება უფლება აქტივობაში ჩაერთოს, მაგრამ ქვეყნის პირველი პირი ვერ იქნება. მსჯავრდებულის სტატუსი ან პროკურატურის, ან პარლამენტის მიერ უნდა მოეხსნას. ის კანონის თანახმად ვერ დაიკავებს თანამდებობას“, – აცხადებს გიორგი ფანცულაია.