საქართველოს მესამე პრეზიდენტს 2018 წლის 29 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ “ძალადობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით” 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ექსპრეზიდენტი გასამართლებულია დეპუტატ ვალერი გელაშვილის გატაცებისა და ცემის საქმეში გამოჩენილი “ძალადობისა და მოვალეობის ბოროტად გამოყენების” ბრალდებით.

თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად „გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ პრემიერ-მინისტრის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი დაასახელა.

ოპოზიციამ სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად დაასახელა

პრემიერობაზე ბევრი „ოცნებობს“, მათ შორისაა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. ის პრემიერობის კანდიდატად პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა წარადგინა.

რატომ უნდა ყველას პრემიერობა: ვის აქვს შანსი გახდეს ქვეყნის პირველი პირი

„ფორტუნასთან“ საუბარში თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ მიესალმება მიხეილ საააკშვილის კანდიდატურას, მაგრამ ეს არარეალური პოლიტიკური გეგმა ჰგონია.

„ძალიან კარგია, რომ ის პრემიერობის კანდიდატად დაასახელეს. წინსწრებითაც ვთქვი, რომ არც ერთი ნიჭიერი ქართველი დასაკარგი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს ოპოზიციაში ვიყავი და ვფიქრობ, რომ სწორად ვიყავი ოპოზიციაში, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ვებერთელა რეფორმები მიდიოდა ქვეყანაში, ასევე იყო დანაშაულებები. მოგვიანებით მათ შეწყვიტეს ყველანაირი რეფორმა და მათი დანაშაულებრივი ქმედებების გამო დღეს თავზე გვემხობა ქვეყანა.

მე რა ინფორმაციაც მაქვს, მისი პრემიერობა პროცედურულად შეუძლებელია. გიორგი ვაშაძე სწორედ ამ პოლიტიკური რეალობის გამო შევთავაზე საზოგადოებას პრემიერობის კანდიდატად და ვრჩები კვლავ ჩემს აზრზე. ვფიქრობ, რომ შესანიშნავი არჩევანი შევთავაზე საზოგადოებას ამ ახალგაზრდა რეფორმატორის სახით, რომელსაც სააკაშვილის მთავრობასთან მხოლოდ რეფორმები აკავშირებს და არავითარი საყვედური მის მიმართ ბუნებაში არ არსებობს.

ბრმად არსად არ ვრჩერდები ხოლმე. უნდა ვიცოდე, რა პროცესი მიდის, რას ვაკეთებთ და საით მივდივართ. მე ეს აღარ ვიცოდი გაერთიანებულ ოპოზიციაში ყოფნისას. ჩემს გარეშე დაიწყო პროცესმა მოქმედება. მე არჩევანი გავაკეთე ამ პოლიტიკურ დროში, რეალობა არის ასეთი. ირეალურ პოლიტიკაზე საუბარი არ მიყვარს.

სააკაშვილს სამომავლო საპრემიერო კანდიდატად ნამდვილად მივიჩნევ. ახლა ამ რეალობაში შეცდომა მგონია და გაერთიანებული ოპოზიციის ეს განცხადება ბიძინას წისქვილზე დაასხამს წყალს“, – აცხადებს ტაკო ჩარკვიანი „ფორტუნასთან“ საუბარში.

 

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერისთვის ალეკო ელისაშვილისთვის სააკაშვილის კანდიდატურა მიუღებელია, თუმცა ასევე ფიქრობს, რომ მისთვის ასევე მიუღებელი იქნება „ქართული ოცნების“ კანდიდატურა. 

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია პრემიერად სააკაშვილის კანდიდატურა. არც ერთ შემთხვევაში არ დავუჭერთ მას მხარს.

„გაერთიანებული ოპოზიციის“ განცხადების შემდეგ ხომ არ ინანეთ, ამ გუნდთან ერთად იყავით ერთ დროს მოლაპარაკების მაგიდასთან?

ჩვენ იქ ვიყავით აბსოლუტურად სხვა რამის გამო, ვიყავით იმიტომ, რომ ვითხოვდით პროპორციულ არჩევნებს სხვებთან ერთად. ეს დღესაც მიგვაჩნია სახელმწიფოებრივად უმნიშვნელოვანეს საკითხად. ეს საკითხი გავიდა და შესაბამისად ჩვენ იქ აღარაფერი გვესაქმებოდა. ამიტომ არ ვნანობ მოლაპარაკების მაგიდასთან რომ ვიჯექი.

ჩვენ არ დავეთანხმებით არანაირად გიორგი ვაშაძის, მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას პრემიერობის კანდიდატობას.

 

დეპუტატ ზაზა პაპუაშვილისთვის გაუგებარია, რატომ არიან საქართველოში ჯერ კიდევ ისეთი ადამიანები, ვისაც პრემიერ-მინისტრის კანდიდატად სააკაშვილის დასახელება გაუხარდა.

სააკაშვილი ვინ არის და რას წარმოადგენდა, ეს საქართველოსთვის თუ კიდევ ასახსნელია… გაერთიანებულ ოპოზიციაში რაღაცას თამაშობენ. დამნაშავეა ადამიანი, რომელმაც პასუხი უნდა აგოს. მე ამას სერიოზულად არ ვიღებ.

მაშინ, როცა სააკაშვილის საქართველოში ჩადენილი დანაშაულის შესახებ ყველამ კარგად ვიცით, რატომ უნდა უნდოდეს ვინმეს მისი პრემიერად ხილვა?

ვისაც სააკაშვილის პრემიერობის იდეა მოსწონს, ჩვენ მათ ტვინს და გონებას ვერ შევუცვლით. ეს არის სექტა, სხვა არაფერი. ადამიანმა რა დანაშაულიც არ უნდა ჩაიდინოს და რაც არ უნდა აკეთოს, მაინც სჯერათ მისით. არიან მოძღვრები, რომლებსაც თავიანთი მრევლი დაყვება ქუჩაში და მრევლს მისი ბრმად სჯერა. რა დიდი განსხვავებაა, ასეთ სექტასა და სააკაშვილის მომხრეებს შორის, როცა სახეზე ამდენი დანაშაულია?

თქვენ რამდენად რეალური გგონიათ ყოფილი პრეზიდენტის გაპრემიერება?

მისი კანდიდატურა ხომ ე.წ. ოპოზიციამ წარადგინა, რომელსაც მე ოპოზიციას არასდროს ვეძახდი და ვფიქრობ, რომ ეს არის გაერთიანება, რომელიც აკრძალული უნდა იყოს, რადგან მათი საქმიანობა ხელის გულზე დევს. მეორეც ადამიანი არის ძებნილი, დამნაშავე, საკუთარი ქვეყნისთვის ზურგშემქცევი, ომის წამგები, მოღალატე, უამრავი ადამიანის დამხოცავი, კაცმა რომელმაც თავისი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი თქვა. რომელი ერთი უნდა ჩამოვთვალო? თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, მაშინ, როცა მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს, როგორ უნდა იყოს, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი? ესაა ჩვენი დროების კურიოზი, ამის სხვანაირი ახსნა არასერიოზულია.

 

ცნობისთვის, 2013 წლის ნოემბერში, საქართველოს ახალი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ სააკაშვილმა საქართველო დატოვა. მას შემდეგ ის ერთი პერიოდი აშშ-ში ცხოვრობდა და ლექციებს კითხულობდა. მოგვიანებით მისმა თანაკურსელმა პეტრო პოროშენკომ ოდესის გუბერნატორობა ანდო და ინანა. ამჯერად ის უკრაინის მთავარ რეფორმატორად მიიჩნევა და სათანადო თანამდებობაც უკავია.

გახარია სააკაშვილზე: მობრძანდეს… მობრძანდეს

მის უახლეს გეგმებში საქართველოში დაბრუნება შედის.

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები