შეიძლება საუკუნეები ისე გავიდეს, რომ ამ მნიშვნელობის ფაქტი აღარ მოხდეს. ქართველებისთვის სინას მთის დაკარგვიდან 500 წლის შემდეგ სინური, იოანე ზოსიმეს ხელნაწერი საქართველოში ჩამოდის, – ამის შესახებ ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კალანდიამ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.
მისივე თქმით, გარკვეული გარემოებების გამო, ქართველ მეცნიერებს ხელნაწერთა შესასწავლად სინას მთის ბიბლიოთეკის საცავებში არ უშვებდნენ.
„ქართველებს დღემდე არ ჰქონდათ საშუალება, ბატონ-პატრონებად ეგრძნოთ თავი იოანე ზოსიმეს მემკვიდრეობასთან მიმართებაში.
არამეული ტექსტის არსებობა ქართული ტექსტის ქვეშ პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ ქართველი ხალხი ქრისტიანობის დასაწყისიდან ქრისტიანობის სათავეებთან იდგა. ანუ, ჩვენ ცივილიზაციურად მივეკუთვნებით ქრისტიანობის დასწყისს და ხალხს, რომელიც ამას მუდმივად ვამბობთ ამისი ხელშესახები დოკუმენტი ჩვენს სამშობლოში არ გვქონდა.
შეიძლება საუკუნეები ისე გავიდეს, რომ ამ მნიშვნელობის ფაქტი აღარ მოხდეს. ქართველებისთვის სინას მთის დაკარგვიდან 500 წლის შემდეგ სინური, იოანე ზოსიმეს ხელნაწერი საქართველოში ჩამოდის – იმ კაცის ხელნაწერი, რომელმაც საქართველოს სულიერი მისია განსაზღვრა“, – აღნიშნა კალანდიამ.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, „კრისტის“ აუქციონზე მილიონ ფუნტად შეიძინა პალიმფსესტი, რომელიც მოიცავს, ერთი მხრივ, V-VII სს. არამეულ ენაზე გადაწერილ მასალას, არსებითად ბიბლიურ და ასკეტურ ფრაგმენტებს, ხოლო, მეორე მხრივ, სინას მთაზე მოღვაწე იოანე ზოსიმეს მიერ 979 წელს გადაწერილ ლიტურგიკულ ტექსტებს სინას მთის კოლექციიდან. უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.