LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეისწავლონ, ხომ არ არის დანაშაული ჩადენილი სიძულვილის მოტივით“ – SJC-ის მიმართვა შსს-ს და პროკურატურას, კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე

227
2024-09-19_01-20-01_670938

კესარია აბრამიძის მკვლელობასთან დაკავშირებით სოციალური სამართლიანობის ცენტრი განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას, საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება უზრუნველყონ:

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება თბილისში ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის, შემზარავ მკვლელობას. ჩვენ ვუსამძიმრებთ კესარიას ოჯახს და მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს საქმის სრული და სამართლიანი გამოძიება.

როგორც ცნობილია, დღეს გავრცელდა ინფორმაცია კესარია აბრამიძის მკვლელობის შესახებ, და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდო დამნაშავე მოკლული ქალის მეგობარი მამაკაცია, რომელმაც მას მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. ამასთან ერთად, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი სავარაუდოდ ყოფილი პარტნიორის მხრიდან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდიდა, რაზეც პოლიცია ინფორმირებული იყო, და გარკვეული დროით კესარიას ქვეყნის დატოვებაც მოუწია.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, უზრუნველყონ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედების განხორციელება საქმეზე, მათ შორის:

გამოძიების ფარგლებში შეისწავლონ, ხომ არ არის დანაშაული ჩადენილი სიძულვილის მოტივით (ტრანსფობიური მოტივით) და უზრუნველყონ მოტივის გამოკვეთა სავარაუდო დამნაშავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში;
საქმის გამოძიების პარალელურად, მნიშვნელოვანია, გამოიკვლიონ, ხომ არ უძღოდა წინ მსხვერპლის მიმართ ძალადობრივი ქმედებები, და ჰქონდა თუ არა აღნიშნულ ქმედებებზე სათანადო რეაგირება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას.
პოლიტიკურ რიტორიკაში სიძულვილის ენის გამოყენებასა და სიძულვილით მოტივირებულ ძალადობას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. თითქმის ერთი წელია, რაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება აგრესიულად იყენებს ჰომო/ბი/ტრანსფობიურ ენას და მისი კულტივირება პროპაგანდის მასობრივი იარაღით ხდება. პოლიტიკური ჰომო/ბი/ტრანსფობია ხელისუფლების ოფიციალურ დისკურსსა და იდეოლოგიად იქცა, რაც ყველაზე ნათლად გუშინ ანტი-ლგბტი ფაშისტური კანონმდებლობის მიღებაში გამოვლინდა. ცხადია, სიძულვილის პოლიტიკა იწვევს მძიმე შედეგებს – ლგბტქი ადამიანების ჩაგვრას, მარგინალიზაციას და მათ მიმართ ძალადობას. კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმე ამ მძიმე საერთო კონტექსტის გარეშე ვერ აღიქმება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა მწუხარებას კესარია აბრამიძის გარდაცვალების გამო და შეეცდება საქმეზე მიმდინარე გამოძიების მონიტორინგს“, – წერს ორგანიზაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g