LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შემჩნეული იყო „ოცნებასა“ და სუსთან სავარაუდო ფარულ თანამშრომლობაში“ – თბილისის საკრებულოს წევრი დავით ფარცვანია გახარიას პარტიიდან გარიცხეს

71
Untitled design (1)

„პარტია „საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებით, სუს-ის და „ქართული ოცნების“ მიერ მოსყიდული და გადაბირებული თბილისის საკრებულოს წევრი დავით ფარცვანია გარიცხულია პარტიის რიგებიდან“, – ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ფრაქციის თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ აგრესიულად აგრძელებს მიზანმიმართულ ბრძოლას მათი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ მთელი ქვფეყნის მასშტაბით, მათ შორის, მუნიციპალიტეტებში პოლიტიკური ძალაუფლების მიტაცებას უკანონო მეთოდების გამოყენებით:

„ჩვენი ინფორმაციით, „ოცნების“ მხრიდან სულ რაღაც 20 ათასი დოლარის სანაცვლოდ და მომავალში კარგ პოზიციაზე დასაქმების გამო, პარტია “საქართველოსათვის“ საკრებულოს წევრმა, დავით ფარცვანიამ, ფრაქცია დატოვა.

ნიშანდობლივია, რომ დავით ფარცვანია ასევე შემჩნეული იყო „ქართულ ოცნებასა“ და სუსთან სავარაუდო ფარულ თანამშრომლობაში, ინფორმაციისა და ფარული ჩანაწერების მიწოდებაში, რასაც დღევანდელი მისი გადაწყვეტილება ყველაზე კარგად ადასტურებს.

„ქართული ოცნება“ აგრესიულად აგრძელებს მიზანმიმართულ ბრძოლას ჩვენი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, მუნიციპალიტეტებში პოლიტიკური ძალაუფლების მიტაცებას უკანონო მეთოდების გამოყენებით, რაშიც აქტიურად ჰყავთ ჩართული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები.

ადგილი აქვს ადამიანების მოსყიდვას, დაშინებას, შანტაჟს, მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანის ძალადობით წართმევას, რასაც ადამიანების გარკვეული ნაწილი, სამწუხაროდ, ვერ უძლებს, თუმცა, გვაქვს ღირსეული ბრძოლის მაგალითები.

ჩვენი პარტია აერთიანებს საერთო ეროვნული იდეების გარშემო, მხოლოდ საქართველოსთვის შეკრებილ, სწორი ფასეულობებისა და ღირებულებების ათასობით ადამიანს ქვეყნის ყველა რეგიონიდან, რომელთა გვერდით ღირსებააყრილი და გაყიდული ადამიანების ადგილი არ არის.

ჩვენი გადაწყვეტილება ყველა მსგავს შემთხვევაში იქნება ძალიან მკაცრი.

ყველასთვის ნათელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სრულად შეითავსა მმართველობის ის მახინჯი ფორმები, რომელიც 2011-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ახასიათებდა და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, „ოცნება“ დღეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ღიად ვაჭრობს ქვეყნის სუვერენიტეტით და ევროპული მომავლით, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები თავის დროზე ღირსეულ პასუხს გასცემენ“, – განაცხადა ზაზა თავაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g