LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოწმებული 226 ობიექტიდან 225-ში სახანძრო უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო – აუდიტი

145
xanzari

2018 წლის პირველ ნახევარში ჩატარებული დეტალური შემოწმებების მიხედვით, შემოწმებული 226 ობიექტიდან მხოლოდ 1 მათგანში არ აღმოჩნდა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები დარღვეული და არ გაიცა რეკომენდაცია, – ამის შესახებ საქართველოს აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამია.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ამავე პერიოდში ჩატარებული საკონტროლო შემოწმებების მიხედვით, წინა წლებში გაცემული რეკომენდაციების 100 პროცენტი შესრულებული იყო მხოლოდ ობიექტების 14 პროცენტში, რაც რიცხობრივად ასე გამოიყურება – 408 დარღვევების მქონე ობიექტიდან – 59 ობიექტში.

2018 წლის პირველ ნახევარში შემოწმებული დარღვევების მქონე ობიექტების 50 პროცენტი არ დაჯარიმდა, ხოლო საქმიანობა სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეუჩერდა მხოლოდ 1 ობიექტს.

“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არ არის ჩამოყალიბებული შიდა კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ინსპექტორების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული რეაგირების მექანიზმების ეფექტიანად ამოქმედებას. ასევე აღსანიშნავია, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში დაჯარიმებული ობიექტების 21 პროცენტს ჯარიმები არ ჰქონდა გადახდილი,” – ნათქვამია კვლევაში.

აუდიტის სამსახური პრობლემის მოგვარების მიზნით, რეკომენდაციებს გასცემს:

  • სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების სრულად აღრიცხვის მიზნით, სამსახურმა სხვა სახელმწიფო უწყებებთან (მაგალითად, შემოსავლების სამსახური) თანამშრომლობით სისტემურად უზრუნველყოს ობიექტების სიის დაზუსტება;
  • სახანძრო-ტექნიკური შემოწმებების ოპტიმალურად განხორციელების მიზნით, სამსახურმა უზრუნველყოს შემოწმებების სათანადოდ დაგეგმვა, რისთვისაც აუცილებელია შემუშავდეს შესამოწმებელი ობიექტების შერჩევის კრიტერიუმები, მეთოდოლოგია და ინსპექტორების ობიექტებზე განაწილების სისტემა;
  • ობიექტის სახანძრო-ტექნიკური შემოწმების შედეგად, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების ყველა მნიშვნელოვანი დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, საჭიროა სამსახურმა:
  • მეთოდოლოგიურად გამართოს სახანძრო-ტექნიკური შემოწმების პროცესი, მათ შორის, შეიმუშაოს ერთიანი სტანდარტი და შემოწმების პროცესში ინსპექტორების მიერ შესავსები ფორმა;
  • შეიმუშაოს ინსპექტორების კვალიფიკაციის ამაღლების პოლიტიკა და ტრენინგების მოდული;
  • დანერგოს ინსპექტორების საქმიანობის ხარისხის კონტროლის სათანადო მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს გაცემული რეკომენდაციების სისრულისა და ხარისხის შემოწმებას;
  • ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების სანქცირების სისტემის ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის, სამსახურმა შეიმუშაოს სათანადო კონტროლის მექანიზმი, რომლის მეშვეობით, კანონმდებლობის შესაბამისად, დაჯარიმდება სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევების მქონე ყველა ობიექტი და მოხდება ჯარიმების ამოღება.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g