ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსს“ განიხილავენ, ხმაური იყო.
სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა თავდაცვის კოდექსი, რომელზედაც საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს „გირჩის“ წარმომადგენლებმა.
მათ შორის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ისაუბრა რელიგიურ ორგანიზაცია „ბიბლიურ თავისუფლებასთან“ დაკავშირებით და თქვა, რომ „გირჩი“ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით დაახლოებით, 20 ათასამდე ადამიანს დაეხმარა.
პარლამენტში პარტია „გირჩის“ აპარატის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ სამი წლის განმავლობაში „ბიბლიურ თავისუფლებაში“ მუშაობდა და ახალგაზრდებს ეხმარებოდა, რომ მარტივი გზა ეპოვათ და თავი დაეღწიათ იქიდან, სადაც ერთი წლის განმავლობაში „არა პატრიოტები, არამედ მონები“ იქნებოდნენ. ამ განცხადებას დაეთანხმა „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი და განაცხადა, რომ „როდესაც ადამიანს საკუთარი ნების წინააღმდეგ ამუშავებ, ეს მონობაა“.
„წვევამდელთა ჯარი ვეღარ იქნება ისეთი, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო“ – ვის გაიწვევენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში
„საქართველოსთვის, როგორც პატარა ქვეყნისთვის და როგორც რუსეთის აგრესიის პირდაპირი სამიზნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის თავდაცვა იყოს ყველა მოქალაქის ვალდებულება.“ – განუცხადა „ფორტუნას“ ანდრო გოცირიძემ.
„გირჩის“ წარმომადგენლებს აღნიშნული განცხადების გაკეთება სარჯველაძემ შეაწყვეტინა და მოუწოდა, რომ „ნუ მოიხსენიებენ მონებად ადამიანებს, რომლებიც ახლა იხდიან სამხედრო სამსახურს“
„თავი შეიკავეთ ადამიანების შეურაცხყოფისგან. ჩემი კოლეგები ფინეთზე რომ საუბრობენ, იქ გაწვევას ეძახიან და საქართველოში მონობას. არ არის სწორი მონებს უწოდებდეთ მათ, ვინც გადიან სამხედრო სამსახურს კეთილსინდისიერად და იმ სერვისის მომხმარებლები არ არიან, რომელსაც თქვენ სთავაზობთ“,- განაცხადა სარჯველაძემ.
სიტყვიერ დაპირისპირებაში ჩაერთო პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თამარ ჩარკვიანი, რომელმაც „გირჩის“ წევრების განცხადება გააკრიტიკა და თქვა, რომ მათგან საუბარი უნდა მიდიოდეს არა ჯარის გაუქმებაზე, არამედ „მაგარი ჯარის“ შეთავაზებაზე.
„იმის მაგივრად, ნორმალურ ჯარს ვთხოვდეთ ხელისუფლებას და რეფორმა მოხდეს, კი არ უნდა გააუქმო ჯარი, მაგარი ჯარი უნდა შესთავაზო და რას ლაპარაკობთ?,“ – მიმართა ჩარკვიანმა „გირჩის“ წევრებს.
დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება შესვენების დროს გაგრძელდა. ერთმანეთს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.
„პროექტი ცხრა კანონს მოიცავს და მუშაობის შედეგად, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ გასწია, უფრო დაუახლოვდა NATO-სა და ამერიკის სტანდარტს. “– აღნიშნა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.
„ნებისმიერ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, ბაკალავრიატის ხარისხის მიღებასთან ერთად, მიიღოს ლეიტენატის ან სერჟანტის წოდება“ – ჩაჩიბაია თავდაცვის ახალი კოდექსის დეტალებს განმარტავს
„შენ გგონია, რომ ვიღაცას „დააკაჩავებ,“ – მიმართა მეგრელიშვილმა ჩაჩიბაიას, რომელმაც შემდეგნაირად უპასუხა: „განახვებ შენ, რა შემიძლია“.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივი სხდომა უკვე განახლდა.
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში „თავდაცვის კოდექსის“ საკომიტეტო მოსმენა დაიწყო. „თავდაცვის კოდექსი“ მთელ რიგ სიახლეს ითვალისწინებს, მათ შორის იმას, რომ სასულიერო პირი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვეღარ ისარგებლებს – სასულიერო პირი არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება.
„თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მიხედვით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვა, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში და სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევა თავდაცვის სამინისტრომ უნდა განახორციელოს.
პარტია „გირჩი“ კი აცხადებს, რომ მათ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, დაეცვათ ადამიანები სავალდებულო მონობისგან (უკვე დაეხმარნენ 50 ათასზე მეტ ადამიანს) და სანაცვლოდ მიიიღეს, ამომრჩევლის გულისწყრომა და ბევრი დაუმსახურებელი კრიტიკა.