ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ვლადიმირ პუტინი აფხაზეთში დაპატიჟა.
„თქვენ აფხაზეთში ყოველთვის სასურველი სტუმარი ბრძანდებით და ამიტომ სტუმრად გიწვევთ“, – მიმართა ასლან ბჟანიამ პუტინს.
თავის მხრივ, პუტინმა სოჭში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ პანდემიამ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს სერიოზული დარტყმა მიაყენა.
ამ პრობლემების მიუხედავად, სავაჭრო ბრუნვის 70%-ზე მეტი აფხაზეთს სწორედ რუსეთთან აქვს. იმედს გამოვთქვამ, რომ აფხაზეთში ჩასული რუსი მედიკოსები კორონავირუსთან ბრძოლის საკითხში მოსახლეობას დაეხმარებიან”, – განაცხადა პუტინმა.
პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ის დახმარება, რომელიც რუსმა ექიმებმა პანდემიასთან ბრძოლაში გააკეთეს აფხაზეთში, შედეგიანი იქნება.
ასლან ბჟანიამ ვლადიმირ პუტინს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ოკუპირებული რეგიონი მოსკოვთან გაფორმებულ ყველა შეთანხმებას შეასრულებს, რადგანაც ეს აფხაზეთის ინტერესებში შედის.
„ვსარგებლობ შემთხვევით და მთელი აფხაზი ხალხის სახელით მადლობას გიხდით წლების განმავლობაში გაწეული დახმარებისთვის. მეგობრები როგორც წესი, უბედურებაში იცნობიან და ბოლო დროს, პანდემიისას ჩვენ კვლავ ვიგრძენით თქვენი მეგობრობა“, – აცხადებს ბჟანია.
ასლან ბჟანიამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავს ფორმატში პუტინთან შეხვედრა პირველად იმართება.
ცნობისთვის, ასლან ბჟანია მოსკოვში 26 ოქტომბრიდან იმყოფება. ბჟანია-პუტინის შეხვედრა დღეს სოჭში გაიმართა.
