“მიუ” – მართალია, კოვიდ-19-ის ეს შტამი თითქმის 9 თვის წინ გამოვლინდა, თუმცა მსოფლიო საზოგადოებაში განსაკუთრებული ყურადღება რამდენიმე კვირის წინ მიიქცია, მაშინ, როდესაც მისმა გავრცელებამ და ვაქცინებისადმი პოტენციურმა წინააღმდეგობამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო და “საინტერესო ვარიანტთა” სიის ერთ-ერთ წევრად დასახელდა.
აშშ-ს ალერგიული და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩიმ თქვა, რომ “მიუ” ვარიანტს აქვს მუტაციები, რომლებმაც, შესაძლოა, ვაქცინაციით გამომუშავებულ ანტისხეულებს გვერდი აუაროს.
ვიდრე ვრცლად გიამბობთ, მისი წარმოშობის, გავრცელებისა და შესაძლო რისკების შესახებ, თქვენს ყურადღებას მის სახელწოდებაზე შევაჩერებთ – რატომ “მიუ”?
2019 წლის დეკემბერში ჩვენ ვიცოდით, რომ კონკრეტულ ვირუსს, კორონავირუსის ერთ-ერთ სახეობას, კოვიდ-19-ს ვებრძოდით. არც ისე დიდი ხნის შემდეგ კი გაჩნდა ახალი სახელები – ალფა, ბეტა, გამა, დელტა, დელტა პლუსი, ეფსილონი, ეტა, იოტა, კაპა, ლამბდა და ახლა უკვე მიუ. ამ ეტაპზე, “შეშფოთების გამომწვევი შტამების” სიაში პირველი ოთხეული გვხვდება.
რაც შეეხება მუტაციების დასახელებებს, ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო და კონკრეტულ შტამს ბერძნული ანბანის კონკრეტული სახელი შეუსაბამა, ერთადერთი მიზანი კი იყო ის, რომ თავიდან აეცილებინა ქვეყნების სტიგმატიზაცია და ასე, მაგალითად, აღარავის ეწოდებინა მათთვის – ბრიტანული, ბრაზილიური, ლათინური თუ ინდური შტამი, ანუ იმ ქვეყნის სახელწოდება, რომელშიც ვირუსის ესა თუ ის ვარიანტი თავდაპირველად აღმოაჩინეს.
“იმ შემთხვევაში, თუ ახალი შტამების აღმოჩენა გაგრძელდება, მათთვის სახელის დარქმევაც ანბანის მიხედვით გაგრძელდება” – სწორედ ეს არის პასუხი იმ გაცხარებულ შეკითხვაზე, თუ “საიდან იციან როდის, რომელი, რა სახელწოდების შტამი გამოჩნდება”.
ახალ შტამებზე გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, სოციალურ ქსელებში ჩნდება საზოგადოების კითხვაც – საკმარისი იქნება თუ არა ბერძნული ანბანი შტამების დასახელების დროს და შესაძლებელია თუ არა, ოდესმე მეცნიერებს ამ ანბანიდან ასო-ბგერა “ომეგას” გამოყენებაც დასჭირდეთ.
პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს, მეცნიერები კი ახალი ვარიანტების შესწავლას აქტიურად განაგრძობენ.
“სად არის და რა არის მიუ” ? ის, რაც ამ ეტაპზე ვიცით
WHO-ს მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მიუს აქვს მუტაციები, რომლებსაც შეუძლია თავიდან აიცილოს იმუნური დაცვა, რომელსაც უზრუნველყოფს ვაქცინაცია და ვირუსის გადატანის შედეგად გამომუშავებული ანტისხეულები.
“მიუს” აქვს მუტაციების იმგვარი აგებულება, რაც მიუთითებს იმუნური დაცვისგან გაქცევის პოტენციურ თვისებებზე.” – აღნიშნულია ჯანმო-ს ანგარიშში.
როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მეცნიერები აცხადებენ, საყურადღებო სწორედ მუტაციების ეს ერთობლიობაა და შესაბამისად, შემდგომი კვლევებიც უმნიშვნელოვანესია.
მკვლევრების თმით, სწორედ ეს ე.წ. “გამქცევი ვარიანტებია” საყურადღებო, რადგან ასეთ შტამებს, ცილებში განცდილი მუტაციების მეშვეობით, შეუძლიათ, მარტივად დააინფიცირონ ვაქცინირებული ადამიანები.
მეცნიერების განმარტებით, თუ ასეთი აგებულების ვარიანტებში ცილა მნიშვნელოვნად შეიცვალა, იზრდება საფრთხე და ჩნდება პოტენციალი – მნიშვნელოვნად შემცირდეს ვაქცინების ეფექტიანობა.
“მიუ” შტამის გავრცელების არეალი
დავიწყოთ უახლესი ინფორმაციით, მიუს გავრცელების არეალი გაიზარდა და შტამის ორი შემთხვევა გუშინ თურქეთშიც დაფიქსირდა.
გუშინვე, აღნიშნული შტამის შემთხვევები გამოვლინდა ირლანდიაშიც.
მიუ შტამი მიმდინარე წლის იანვარში კოლუმბიაში აღმოაჩინეს, შემდეგ ეკვადორშიც გამოვლინდა, ჯანმო-ს “საყურადღებო ვარიანტების” სიაში კი ის 30 აგვისტოს დაემატა.
მას მეცნიერები B.1.621-ს უწოდებენ. შტამი ძირითადად სამხრეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში ვრცელდება. WHO-ს მონაცემებით, კოლუმბიაში, ინფიცირების შემთხვევების თითქმის 42% სწორედ ამ შტამზე მოდის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კოვიდ-19-ის გლობალურ შემთხვევებში მიუს წილმა თანდათან იკლო, თუმცა მისი გავრცელების მაჩვენებელი იზრდება კოლუმბიასა (42%) და ეკვადორში (13%).
8 სექტემბრის მონაცემებით, მიუს შტამი დადასტურებულია სულ მცირე 46 ქვეყანაში.
ინფორმაციას შტამების გავრცელების შესახებ ვრცლად იხილავთ მონაცემთა ვებგვერდზე Outbreak.info.
მიუ შტამის 2 100-ზე მეტი შემთხვევა გამოვლენილია ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და ის აღმოჩენილია 50-დან 49 შტატში – ნებრასკას გარდა.
შეერთებულ შტატებში მიუ შტამის გავრცელების სტატისტიკაზე წერს independent-იც.
7 სექტემბრის მონაცემებით, პირველ ადგილზე კალიფორნიაა მიუ ვარიანტის 384 შემთხვევით, მას მოჰყვება – ფლორიდა 305 შემთხვევით და ლოს-ანჯელესი – 167 დადასტურებული შემთხვევით.
ამ ფონზე, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ აშშ-ის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები თვალყურს ადევნებენ ამ ვარიანტს და რომ “ისინი ყველაფერს სერიოზულად იღებენ, თუმცა, ამ ეტაპზე მას დაუყოვნებლივ საფრთხედ არ მიჩნევენ”.
გუშინ ასევე ჯანმოს კოვიდ-19-თან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვმა განაცხადა, რომ “ამ ეტაპზე ყველაზე შემაშფოთებელ ვარიანტად მაინც დელტა შტამი რჩება”.
კერხოვის თქმით, იზრდება მიუ ვარიანტის გავრცელება სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგრამ ასევე მცირდება მსოფლიოს სხვა რეგიონებში, განსაკუთრებით იქ, სადაც დომინანტი “დელტა” ვარიანტია.
ჯანმო-ს ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელის, დოქტორ მაიკ რაიანის განცხადებით, “ყველა ახალი ვარიანტის აღმოჩენა არ ნიშნავს იმას, რომ ცა ჩამოიქცევა”.
თუმცა მისივე თქმით, ყველა უახლესი ვარიანტი საყურადღებოა და გამოსაკვლევია მისი მახასიათებლები, რამდენად საშიში და რეზისტენტული შეიძლება აღმოჩნდეს კოვიდვაქცინებთან მიმართებაში.
ამ დროისთვის, WHO მონიტორინგს უწევს “შემაშფოთებელ” ოთხ ვარიანტს: ალფას, რომელიც პირველად გამოვლინდა დიდ ბრიტანეთში; ბეტას, რომელიც პირველად დაფიქსირდა სამხრეთ აფრიკაში; გამას, რომელიც პირველად ბრაზილიაში აღმოჩნდა და დელტას – ინდოეთში აღმოჩენილ მუტირებულ ვარიანტს.
“შემაშფოთებელი ვარიანტი” განისაზღვრება შემდეგი მახასიათებლების მიხედვით – როგორია მისი გადაცემის სისწრაფე, რამდენად უფრო ლეტალურია და რამდენად გამძლეა ის ახლადშექმნილი კოვიდვაქცინებისა და მკურნალობის მიმართ.
“საყურადღებო ვარიანტების” სიას კი ახლა, ლამბდა შტამის შემდეგ, უკვე მიუ შტამიც ემატება და ჯანმო აცხადებს, რომ საჭიროა მეტი კვლევა ახალი ვარიანტის კლინიკური მახასიათებლების გამოსავლენად.
“ახლა მიუ ინტერესის ვარიანტია და თუ ეს შტამი შემაშფოთებელია, ჩვენ ნამდვილად უნდა შევხედოთ დიაგნოზს და ვიფიქროთ, როგორ განვავითაროთ ჩვენი ვაქცინები მასთან ბრძოლის მიზნით,” – ამბობს WHO-ს ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელი.