გამომძიებელ რეპორტიორთა გაერთიანება Bellingcat-ის აღმასრულებელი დირექტორი, ხრისტო გროზევი თვლის, რომ შესაძლოა, რუსეთის ფედერაციამ უკრაინასთან ომი „გაყინოს“.
ოლესა ბაცმანთან, youtube არხზე ინტერვიუში გროზევმა განაცხადა, რომ რთული იქნება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის დასრულების თარიღის პროგნოზიება.
„დიდი ალბათობით, ომის დასასრული ისეთი არ იქნება, რომ ვთქვათ, „აი, დღეს ომი დასრულდა“. ვშიშობ, რომ დადგება პერიოდი, როდესაც გაურკვეველი იქნება, დამთავრდა თუ არა ომი“. – ამბობს გროზევი
მან ივარაუდა, რომ ამის მიუხედავად, „სისხლისღვრა დიდხანს აღარ გაგრძელდება“ და კონფლიქტი ამ ეტაპს უახლოვდება.
„ვფიქრობ, ეს არის ერთი კვირის ან 10 დღის საკითხი“, – განაცხადა გროზევმა.
მისი განცხადებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების რესურსები გამოიფიტება.
Bellingcat-ის დირექტორმა განაცხადა:
„რუსებს ეს ესმით, და მათთვის უფრო მომგებიანი იქნება, ომს „დასრულებული“ არ ეწოდოს, – რადგან ამით მათ უნდა აღიარონ, რომ ის წაგებულია, – არამედ გაჩერდეს გარკვეულ გაყინულ ეტაპზე“.
ტერმინი „გაყინული კონფლიქტი“ აღწერს ვითარებას, როდესაც აქტიური შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების მიუხედავად, სამშვიდობო ხელშეკრულება არ დადებულა, ვითარება დაძაბულია და კონფლიქტის ხელახალი გამწვავების რისკის არსებობა არასტაბილურ გარემოსა და დაუცველობის შეგრძნებას ქმნის.