2012 წლის არჩევნებიდან 7 წლის თავზე “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდს, ვისაც არ ეზარება ყველა აფასებს. ექსპერტები სხვადასხვა მიმართულებით, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, საზოგადო მოღვაწეები, ცნობილი სახეები, ერთი სიტყვით გააჩნია რომელი არხის მაყურებელი ხართ, შეფასებებიც და დასკვნებიც შესაბამისია. არჩევნების მოახლოებასთან ერთად დაპირებების სია განახლებას ექვემდებარება, თუმცა ძველი დაპირებები მაინც ჯერ კიდევ აქტუალური თემაა, განსაკუთრებით, თუ ის ჯერ ჯიდევ “ასრულების” პროცესშია. შესრულებული თუ შეუსრულებელი დაპირებებით ვიწყებთ მზადებას საარჩევნოდ და რას უნდა მოვეკიდოთ გაგებით, ხალხი საგონებელშია. უფრო გარკვევით რომ ვისაუბროთ, საქმე ეხება “იაფი ფულის”, კონკრეტულად, იაფი ფული და სამჯერ გაიაფებული კომუნალური გადასახადები, რომელიც “ქართული ოცნების” 2012 წლის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო.
გაცემული დაპირება ქვეყანაში იაფი ფულადი რესურსი ხელმისაწვდომობის შესახებ შესრულებულიაო აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში 2020 წლის ბიუჯეტზე საუბრისას აღნიშნა.
„შვიდი წლის წინ, პირველ ოქტომბერს ხელისუფლებაში მოსულმა „ქართული ოცნებამ“ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად გამოაცხადა. გაკეთდა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის იაფი ფინანსური რესურსი იქნებოდა ხელმისაწვდომი. ეს იყო უმნიშვნელოვანესი განაცხადი. ამოქმედდა შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროგრამა. იაფ ფულად რესურსზე წვდომის საშუალება მიეცა ყველა მეწარმეს, ფერმერს და გლეხს. შეღავათიანი აგროკრედიტი გულისხმობს სახელმწიფოს მიერ 5 წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთის 11 პროცენტის დაფარვას ჩვენი მოქალაქეების მიერ კერძო, კომერციული ბანკებიდან აგრარული დარგის განვითარებისთვის აღებულ სესხებზე. პროგრამა წარმატებით ფუნქციონირებს 2013 წლიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებზე გაცემული დანაპირები ქვეყანაში იაფი ფულადი რესურსის გაჩენის შესახებ, შესრულებულია”, – აღნიშნა მინისტრმა.
დაპირება რომ უკვე შესრულებული იყო, ამაზე ყოფილმა პრემიერ მინისტრმა და ახლა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ორი წლის წინ ისაუბრა ტელეკომპანია GDS-ის ანალიტიკურ გადაცემაში და აღნიშნა, რომ 800 მილიონი უფასო და იაფი ფული სოფლის მეურნეობაში უკვე გაიცა.
“როდესაც 1, 2 ან 3 პროცენტია გადასახდელი, ეს პრაქტიკულად უფასო ფულია. ეს უფასო კიდევ უფრო მეტი ელოდება ჩვენს ეკონომიკას. წახალისების მხრივ მთავრობაც კიდევ უფრო აქტიურობს. უფასო ფული გაცილებით უფრო მეტი უნდა შემოვიდეს ეკონომიკაში. არჩევნების პროცესში მე ვპირდებოდი მოსახლეობას, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით გავაკეთებდი დახმარებას, სუბსიდირებას და ვპირდებოდი, რომ იქნება 7-წლიანი კრედიტებიც, 100 ახალი საწარმო გაკეთდებოდა და მათ ექნებოდათ შეღავათიანი კრედიტები. 800 მილიონამდე შევიდა სოფლის მეურნეობაში, რომელზეც არავინ არაფერს ამბობს. მთავრობის მიერ გაცილებით უფრო დიდი პროექტი მზადდება, რომელიც გაცილებით დიდ თანხებზეა გათვლილი”, – აცხადებდა მაშინ ივანიშვილი.
თუმცა, არჩევნების დასრულებიდან მალევე ივანიშვილის მოსახლეობასთან ურთიერთობის ტონიც და დაპირებების ჩამონათვალიც რადიკალურად შეიცვალა. მან თქვა, რომ დაპირება ტარიფის გაიაფების შესახებ გადაჭარბებული იყო. მისი ერთ-ერთი დაპირება 2012 წლის არჩევნებისთვის პროდუქტზე დაბალი ფასებიც იყო. მათ შორის, უნდა გაიაფებულიყო საწვავი, რომელიც, მისი მტკიცებით, მაშინდელმა ხელისუფლებამ ხელოვნურად გაზარდა.
ზოგადად რა არის ფული ფასი? ფულის ფასი ეს არის საპროცენტო განაკვეთი, რასაც გვახდევინებენ ბანკები სესხის აღების დროს. ხოლო, ის, რაც “გადაჭარბებული იყო” ან სიტყვამ მოიტანა, თორემ ამის არც შესაძლებლობაა და არც საშუალება და კიდევ რამდენიმე “შეუსრულებელ მისიებს” “გაგებით” უნდა მოვეკიდოთ.
ლიკა შამათავა