ქვეყანაში მეფრინველეობის დარგის წარმომადგენლები კვერცხის გაძვირებას პროგნოზირებენ. თელეთის მეფრინველეობის ფაბრიკაში ამბობენ, რომ კვერცხის ფასი მინიმუმ 15%-ით მოიმატებს.
როგორც „ბიზნეს ფორმულას“ თელეთის მეფრინველეობის ფაბრიკის დირექტორმა, ზვიად გოგოლაძემ განუცხადა, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ფრინველის საკვების ფასმა, დაახლოებით, 20%-ით მოიმატა და კვერცხის ფასზე ახლო მომავალში ეს აუცილებლად აისახება.
„ფრინველის საკვებს კვერცხის თვითღირებულებაში 70% უჭირავს, შესაბამისად შეუძლებელია, რომ კვერცხი არ გაძვირდეს. სიმინდი და ხორბალიც, ძირითადად, რუსეთიდან შემოდის, სადაც ფასებმა მნიშვნელოვნად მოიმატა. ძალიან გაგვიძვირდა სოიაც, რომელიც აშშ-დან შემოდის. ამასთან, კვერცხის საბოლოო ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ სავაჭრო ქსელებიც, სადაც ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია ხდება“,- აცხადებს ზვიად გოგოლაძე „ბიზნეს ფორმულასთან“.
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, გასული წლის მარტთან შედარებით, წელს კვერცხი საქართველოში 18.1%-ით გაძვირდა.