ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ, მამუკა მდინარაძემ მედიასთან განცხადება გააკეთა. მისი თქმით პარტიამ ყველა საკითხთან მიმართებაში საპარლამენტო უმრავლესობა საქმის კურსში ჩააყენა.
როგორც მდინარაძემ განაცხადა, ოპოზიციას ისევ შეუძლია მიიღოს ქართული ოცნების მიერ შეთავაზებული კომპრომისები
“შეგვიძლია თამამად ვთქვათ. რომ ის კომპრომისული ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა ჩვენ მიერ, ისევ დევს მოლაპარაკებათა მაგიდასთან. შეუძლია ოპოზიციას ამ საკითხების მიმღებლობაზე მიიღოს გადაწყვეტილება. ნებისმიერ მომენტში მზად ვართ გავაგრძელოთ ამ თემებზე საუბარი.”
ოპოზიციის რადიკალურ და მნიშვნელოვან ნაწილს, როგორც მდინარაძე აღნიშნავს, არ ეყო გამბედაობა რომ საკუთარი ამომრჩევლისთვის ეთქვა სიმართლე, რომ შეუძლებელია სახელმწიფოს და სამართლის პრინციპების წინააღმდეგ წასვლა და რომ ქართულ ოცნებას ნამდვილად ჰქონდა წარმოდგენილი უამრავი კომპრომისი.
“ჩვენ უნდა გადავიდეთ ახალ დღის წესრიგზე. შეუძლებელია თვეების განმავლობაში გრძელდებოდეს მოგონილი კრიზისი”
მამუკა მდინარაძის განცხადებით, მაშინ როდესაც მთავარ საკითხებად ოპოზიცია მათ პარლამენტში შემოსვლას აყენებს, – მათ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ პარლამენტში შემოსვლა. ხოლო როცა აყენებენ ნიკა მელიას თემას – როცა მოუნდება მაშინ გამოვა ციხიდან ნიკა მელია.
ამ არგუმენტებით და ხელოვნური კრიზისით შეუძლებელია ვილაპარაკოთ, რომ ქვეყანაში კრიზისია, – აცხადებს მამუკა მდინარაძე