რომის პაპი ფრანცისკე სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა. 160 სკოლის მოსწავლეს შორის იყო უკრაინიდან ლტოლვილი ბიჭი, რომელმაც ფრანცისკეს ჰკითხა, შეუძლია თუ არა მას უკრაინაში ჩასვლა და იქ მყოფი ბავშვების გადარჩენა.
რომის პაპმა განაცხადა, რომ სურს უკრაინაში ჩასვლა, თუმცა ამისთვის შესაფერის მომენტს ელოდება.
„მე ვისურვებდი უკრაინაში წასვლას. მაგრამ ამის გასაკეთებლად აუცილებელია, დაველოდო შესაბამის დროს, რადგანაც მარტივი არაა გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შეიძლება, მეტი ზიანი მოუტანოს მთელ მსოფლიოს, ვიდრე სიკეთე“, – განაცხადა რომის პაპმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ელოდება უკრაინის ოფიციალურ პირებთან შეხვედრას, მისი შესაძლო ვიზიტის დეტალების განსახილველად.