რადიო ,,ფორტუნა პლუსის” გადაცემა „ვიზიტორის” (წამყვანი გიგა ბატკუაშვილი) სტუმარია მსახიობი, მომღერალი და ტელეწამყვანი გიორგი ცხადაძე, რომელმაც დაწვრილებით ისაუბრა საკუთარ კარიერაზე, პროექტზე „მხოლოდ ქართული“ და მასსა და მის მეუღლეზე გავრცელებულ ბოლოდროინდელ ჭორებზე.
პროფესია/კარიერა
ჩემი აზრით, ადამიანმა ის საქმე უნდა იპოვოს, რაშიც თავს კარგად იგრძნობს, მე ამაში გამიმართლა. ზოგადად, ცხოვრების განმავლობაში საკუთარი ძალები ბევრ რამეში მოვსინჯე, თუმცა ჩემი მთავარი პროფესია – მსახიობობაა.
ხელოვან ოჯახში გავიზარდე და ამ ყველაფერმა რა თქმა უნდა გარკვეული გავლენა მოახდინა ჩემს პროფესიულ არჩევანზე. პირცელად ერისიონის კლიპში „შატილის ასულო“ გადამიღეს, შემდეგ სიმღერაც დავიწყე, მაშინ საკმაოდ პატარა, 8 წლის ვიყავი.

პირველი სერიოზული როლი
ჩემი პირველი სერიოზული როლი, წინასადიპლომო ნაშრომი იყო, დორნის როლი შევასრულე ჩეხოვის „თოლიადან“ და ასევე ჰუგო გარინის პერსონაჟი, ჟან პოლ სარტრის პიესიდან. მალევე პირველი ავტოგრაფიც გავეცი, საოცრად ამაღლვებელი იყო, ეს პარიზში, შანზე ლიზეზე მოხდა, ალბათ მსახიობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, როდესაც ვიღაც იმით იხიბლება, რასაც ქმნი, ეს დიდი ექსტრიმია.
ახლანდელი კარიერა
წარმატებული წელი მქონდა, მქონდა ბევრი საგასტროლო გასვლა. ვიყავით ბრაზილიაში, ევროპაში. ყოველთვის ვცდილობთ, რასაც გარეთ შევიძენთ, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს მაყურებელს შევთავაზოთ, მუდმივად ვვითარდებით.
ასევე მიმიწვიეს „ოფესტის“ საერთაშორისო ფესტივალზე, კიევში, სადაც ორსკესტრის თანხლებით სიმღერა შევასრულე, ეს საოცარი გრძნობაა.
ახლა ფორმულაზე დილის გადაცემის წამყვანი ვარ, მაქვს საინტერესო ჩართვები სხვადასხვა ლოკაციიდან. თავიდან ყველაფერი რთულია, ტელევიზიას სხვა სპეციფიკა აქვს, არ არის მარტივი პირდაპირი ეთრები, ძალიან ბევრი ტექნიკური დეტალია გასათვალისწინებელი, თუმცა ამ ყველაფერს ძალიან დიდი დრაივი აქვს.
რაც ჩემს მუსიკალურ კარიერას შეეხება, ახლა ერთ სიმღერაზე ვმუშაობ, ის უკვე ჩაწერილია, კლიპს კი ახალ წლამდე გადავიღებთ.

პროექტი „მხოლოდ ქართული“
ხალხის გარკვეული მასა მანამდეც მიცნობდა, თუმცა პროექტმა ძალიან დიდი პოპულარობა მომიტანა, იყო გარკვეული მარცხიც, თუმცა ვფიქრობ, უარყოფითი რაღაცეებიც ჩვენს სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ.
ძალიან დიდი რისკია, როდესაც კონკურსზე გადიხარ, თუმცა ეს ყველაფერი ხელიდან გასაშვები არ არის. ყველას მოვუწოდებ, რომ მსგავს შემოთავაზებაზე უარი არასდროს თქვან.
როგორ იღებ კრიტიკას
ზოგადად კრიტიკა ჩემთვის რთული მოსასმენია, თუმცა ფარსს ნამდვილად მირჩევნია. საკუთარ თავზე ყოველდღიურად ვმუშაობ. პროექტმა ჯანსაღი ამბიცია გამიჩინა, ვფიქრობ რომ ჩემი შესაძლებლობების ჯერ მხოლოდ 20 პროცენტი მაქვს გამოყენებული.

მეუღლე/პირადი ცხოვრება/ჭორები
თვეების წინ როცა გადაცემაში ვიყავი, პირად ცხოვრებაზე საუბარს მოვერიდე, ეს თავად ჩემს მეუღლეს, სალომეს სურდა, პროექტისთვის ასე იყო უკეთესი. სიტყვა ცოლ-ქმარი ცოტა არ იყოს მაშინებს, ჩვენ პირველ რიგში მეგობრები ვართ, ერთმანეთს ყველაფერში გვერდში ვუდგავართ. სალომე სკოლაში გავიცანი და მას შორიდან ვეტრფოდი, თუმცა ის მე ყურადღებას არ მაქცევდა, მე მისთვის რიგითი ბიჭი ვიყავი. ის მუდამ ჭკვიანი და მომხიბვლელი იყო. ერთად პირველად გადაცემა „პროფილში“ გამოვჩნდით, სწორედ მას შემდეგ იწერებოდა „ყვითელ პრესაში“ ჩვენზე ნეგატიური შეფასებები.
ხშირად ამომიკითხავს ფრაზები ჩემი მეუღლის მიმართ „სიყვარული ბრმაა“, „სიყვარული ბრმაა, მაგრამ არც ასეთი“, „შეუფერებელი წყვილი“ და ა. შ… თუმცა ჩვენ მსგავს რაღაცეებს ყურადღბას არ ვაქცევთ და ვხალისობთ… და სრული სისულელეა ის მოსაზრება, რომ მე ჩემს ცოლს ვმალავ.
გადაცემის აუდიოჩანაწერი