“მხოლოდ სურვილის გამო, რომ მოლაპარაკება შედეგიანი აღმოჩნდეს, ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც იმთავითვე ცნობილია, რომ არაფერს ქვეყანაში ხელს არ შეუწყობს, გარდა იმისა, რომ რამდენიმე ადამიანის სუბიექტურ აღქმას და პოზიციას დააკმაყოფილებს, არ მგონია, სწორი იყოს.” – ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, პარტია “გირჩის” მიერ წარდგენილ 7-პუნქტიან ჩამონათვალს აფასებს და ამბობს, რომ შეეცდებიან იპოვონ წერტილები, რომელშიც, შესაძლოა, მათი ხედვა გადაიკვეთოს.
სარჯველაძის თქმით, ხშირ შემთხვევაში, ამ პარტიის აღქმები არის რელევანტური, მიუხედავად იმისა, რომ რიგ საკითხებზე შეიძლება ყველაზე მეტად განსხვავებული პოზიციები ჰქონდეთ მათ პარტიებს:
“ნულოვანი ბარიერი ერთი მიმართულებით შეიძლება იყოს ისეთი, რასაც შეიძლება დადებითი ეფექტი აქვს, მაგრამ გაცილებით დიდი შეიძლება იყოს ის ეფექტი, რომელიც არა ბუნებრივ, არამედ ოდნავ მაღალ ბარიერს შეიძლება ჰქონდეს. რომ გავეცნოთ საუკეთესო დემოკრატიის მქონე ქვეყნების გამოცდილებას ამ მიმართულებით, შეიძლება იშვიათად წავაწყდეთ სახელმწიფოებს, სადაც მსგავსი მექანიზმი არსებობს. სადაც შეიძლება წავაწყდეთ, იქაც შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ მაგალითად, პარტიების სიძლიერე არც თუ ისე კარგი აღმოჩნდეს. ასეთ საკითხებს სიღრმისეული, ყოველმხრივი ანალიზი სჭირდება და ამის საფუძველზე დასკვნის გაკეთება.” – განაცხადა სარჯველაძემ.
უმრავლესობის წევრი ასევე აღნიშნავს, რომ მისი პირველადი შთაბეჭდილებით, საკითხი არასწორად არის დაყენებული და რომ ამ მოთხოვნების გაუზიარებლობის შემთხვევაში, თუნდაც, ამას მოითხოვდეს სახელმწიფოს ინტერესი, ბოიკოტის შენარჩუნება რა არგუმენტს ემყარება კარგად გასაგები არ არის:
“ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ, რომ საერთო წერტილი ვიპოვოთ, მაგრამ გამიჭირდება წინასწარ იმის თქმა, რომ რომელიმე პუნქტი დაკმაყოფილებას ექვემდებარება. ხშირ შემთხვევაში, ამ პარტიის აღქმები არის რელევანტური მიუხედავად იმისა, რომ რიგ საკითხებზე შეიძლება ყველაზე მეტად განსხვავებული პოზიციები გვქონდეს ერთმანეთისგან. იმის აღიარება, რომ არაჩევნების გაყალბების დასაბუთება ოპოზიციამ ვერ შეძლო, ეს ნამდვილად გაბედული ნაბიჯი იყო. თუმცა, არსებობს საკითხები, რაზეც შეიძლება დიდი თვისობრივად განსხვავება იყოს ხედვებს შორის. შევეცდებით ვიპოვოთ წერტილები, რომელშიც შეიძლება გადაიკვეთოს ჩვენი ხედვა.” – თქვა მან.
შეგახსენებთ, პარტია “გირჩმა” წარადგინა ჩამონათვალი, რომელიც 7 პუნქტისგან შედგება. როგორც პარტიაში ამბობენ, “გირჩი” ბოიკოტის რეჟიმს შეწყვეტს და საქართველოს პარლამენტში შევა, თუ “ქართული ოცნება” აღნიშნული შვიდი საკითხიდან ერთ-ერთი საკითხის სრულყოფილად გადაწყვეტას და მოწესრიგებას დათანხმდება.