„თუ ინფიცირებულთა რაოდენობამ მსგავსი ტემპით ზრდა განაგრძო, შესაძლოა, ჰოსპიტალურმა სექტორმა 2 კვირაზე მეტხანს ვერ გაუძლოს და ჩამოიშალოს,“ – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.
მისი თქმით, შეზღუდვები ის გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებაც საბოლოო ჯამში, აუცილებელი გახდება, ვინაიდან ქვეყანაში ვაქცინირებულთა რაოდენობა 30%-ზე ოდნავ მეტია.
„ზოგადად მე შეზღუდვების მომხრე არ ვარ, მაგრამ შეზღუდვები არის საბოლოო გადაწყვეტილება, რომელსაც ვერ გაექცევი, როდესაც ასეთი მატებაა.
საქართველოსნაირ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 30%-ზე ცოტა მეტია ვაქცინირებული ორჯერადად და პლუს ამას, დღის განმავლობაში 5 000-ზე მეტი ახალი შემთხვევაა, 2 კვირაზე მეტხანს თუ ასეთი სიტუაცია შენარჩუნდა. იმდენად გადაივსება ჰოსპიტალური სექტორი და ისეთი გადატვირთვით მუშაობა მოუწევს, რომ შეიძლება ჩამოიშალოს, ამიტომ სხვა გზა არ რჩება თუ არა შეზღუდვები.
შეზღუდვებამდე მივდივართ. იძულებით მიდის სახელმწიფო, იმიტომ, რომ სხვა გზა არ არის. ამის ალტერნატივა იყო ვაქცინაციის კარგი ტემპით წასვლა და მოზრდილი მოსახლეობის უფრო მეტი ნაწილი ყოფილიყო ვაქცინირებული.
სამწუხაროდ, ამ პანდემიის დროს ორი გზა არსებობს: ერთი – ჩვენ ვიტარებთ ვაქცინაციას და ნელ-ნელა ვამსუბუქებთ შეზღუდვებს, გვაქვს დაბალი ჰოსპიტალიზაცია და დაბალი ლეტალობა. ან არ ვიტარებთ ვაქცინაციას და პერიოდულად გვაქვს ეპიდაფეთქებები, თუ გინდა ტალღები დავარქვათ ამას და შესაბამისად ამას მოსდევს სიკვდილიანობის და ჰოსპიტალიზაციის გაზრდა,“ – განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ალექსანდრე გოგინავამ.
ხისტი გადაწყვეტილებები საჭირო იქნება, პროგნოზი არ არის საიმედო – ამირან გამყრელიძე