LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიდა ქართლში პოლიციელი ხელმძღვანელებს პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებაში ადანაშაულებს – შსს ბრალდებას უარყოფს

74
თამაზ ჯოხაძე

შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, თამაზ ჯოხაძე ხელმძღვანელებს პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მას სამსახურიდან ახსნა-განმარტების გარეშე უშვებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი მის ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ 11 აგვისტოს გორის საპატრულო პოლიციაში, ხელმძღვანელების მიერ ჯოხაძესთან მისი შესაძლო დისციპლინარული გადაცდომების და უკანონო საქმიანობის შესახებ გასაუბრება ჩატარდა, რამაც პატრულ-ინსპექტორის უკმაყოფილება და გაღიზიანება გამოიწვია.

„ამ ეტაპზე პატრულ-ინსპექტორი თამაზ ჯოხაძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას აგრძელებს. პატრულ-ინსპექტორის მხრიდან შესაძლო დისციპლინარულ გადაცდომის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შესწავლის დასრულებისთანავე შედეგები დაინტერესებული პირებისთვის ცნობილი გახდება,“ – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ თამაზ ჯოხაძემ გუშინ, სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ასახელებს ადამიანებს, რომლებიც როგორც თავად ამბობს, პოლიციიდან უშვებენ.

„ეს ადამიანები – დავით ჯაშაშვილი, გიორგი მესხი, დღეს სრულიად უმიზეზოდ მიბარებენ და მეუბნებიან, რომ უნდა წავიდე სამსახურიდან. ვეკითხები ორივე მათგანს და ვერც ერთი მპასუხობს, რატომ უნდა წავიდე. არ შეუძლიათ კითხვაზე პასუხის გაცემა.

ამათ გონებასა და აზროვნებაში სხვა არაფერი დევს, გარდა იმისა, რომ წადი და მორჩა. შენს უკან ვინ დგას, რა დგას, არ გეკითხებიან – რამდენი შვილი გყავს, ოჯახში რამდენი წევრი გყავს, რამდენ ადამიანს ინახავ, რამდენ ადამიანს არჩენ, ამათთვის სულ ერთია. დაწერე პატაკი, რომ ოჯახური პირობების გამო მიდიხარო. 3 შვილი მყავს, ესენი შემინახავენ ოჯახს?“ – ამბობს ვიდეო-მიმართვაში თამაზ ჯოხაძემ.

სამართალდამცველი ვარაუდობს, რომ გათავისუფლების მიზეზი მისი სიძე – გიორგი მეზვრიშვილია, რომელიც შიდა ქართლის დაცვის პოლიციის უფროსი იყო და ამავე დროს, გიორგი გახარიას გუნდის წევრის, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, კახა საბანაძის ბავშვობის მეგობარი.

„ახლა უნდათ, მეც იმის გამო გამიშვან, რომ გიორგი მეზვრიშვილი ჩემი სიძეა,“- ამბობს თამაზ ჯოხაძე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g