ამერიკული მედიასაშუალება CNBC შობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებულ ბაზარზე არსებულ მოლოდინებს ვრცელ სტატიას უძღვნის.
როგორც ირკვევა, საცალო ვაჭრობის გიგანტები მესამე კვარტლის ანგარიშების გამოქვეყნებას და საშობაო შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მადლიერების დღემდე არ აპირებენ, რომელიც აშშ-ში წელს 27 ნოემბერს აღინიშნება, ანუ იმ დრომდე, როცა მომხმარებლები სადღესასწაულო საჩუქრების სიის გადახალისებას იწყებენ.
საცალო ვაჭრობის ინდუსტრიის მთავარი მოთამაშეები, წინა კვარტლების მონაცემებზე დაყრდნობით და ე.წ. „სატარიფო ომის“ ფაქტორის გათვალისწინებით, საკუთარ მომხმარებლებს ახასიათებენ, როგორც „ფრთხილ მხარჯველებს“, შესაბამისად, საშობაოდ, საცალო გაყიდვების მკვეთრ ზრდას არ ვარაუდობენ – პროგნოზი 3%-ის ფარგლებს თითქმის არ სცდება.
საცალო ვაჭრობის ლიდერების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ წელს ონლაინ გაყიდვების მაჩვენებელი ფიზიკურად ვაჭრობისას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, რადგან მომხმარებელი სულ უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებს მასზე მორგებულ სერვისებს.
