„ჩვენ საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების კატეგორიას მივაკუთვნებთ, ორივეს სურს, ევროკავშირის წევრი გახდეს, ამიტომ მიზანშეწონილი არ არის ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნებში სისტემური შევიწროება ხდება“, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა „შპიგელთან“, საიმიგრაციო ზომებზე საუბრის დროს განაცხადა.
შოლცმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც გერმანიაში უკანონო მიგრაციას ზღუდავენ:
„ხდება სამუშაო ძალის იმიგრირება, რომელიც გვჭირდება. არიან ისეთებიც, ვინც თავშესაფარს ეძებს, რადგან ისინი პოლიტიკური დევნის სამიზნე არიან. მეორე მხრივ კი, ეს ნიშნავს, რომ ისინი, ვინც არ მიეკუთვნებიან ამ რომელიმე ჯგუფს, დარჩენას ვერ შეძლებენ. სწორედ ამიტომ ვზღუდავთ უკანონო მიგრაციას გერმანიაში. ძალიან ბევრი ხალხი ჩამოდის..
გვსურს, შევამციროთ აქ წესების დარღვევით დარჩენის სტიმული. თუ გერმანიის ფედერალური მიწები განაცხადებენ, რომ მათ სურთ თანხის სანაცვლოდ სოციალური დახმარების ნატურალური ფორმით გაწევა, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ. თუ მათ სურთ სადებეტო ბარათების შემოღება თავშესაფრის მაძიებლებისთვის ჩვენ ამასაც მხარს დავუჭერთ. მეტიც, სწორად მივიჩნევთ თავშესაფრის მაძიებლებისთვის საზოგადოებრივი მომსახურების სერვისების გახსნას“, – თქვა ოლაფ შოლცმა.
მისივე თქმით, „დეპორტაცია უფრო ხშირად და უფრო სწრაფად უნდა განახორციელონ“.
„როგორც ვთქვი, ეს შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ ზომების პაკეტით და მე ჯერ კიდევ არ მიხსენებია ერთი მნიშვნელოვანი რამ: ჩვენ საბოლოოდ უნდა მოვახდინოთ მათი დეპორტაცია, ვისაც გერმანიაში დარჩენის უფლება არ აქვს. ისინი, ვინც სავარაუდოდ ვერ მიიღებენ გერმანიაში დარჩენის ნებართვას, რადგან მათ არ შეუძლიათ დაადასტურონ დაცვის საჭიროება, უნდა დაბრუნდნენ. პროცედურები უნდა დაჩქარდეს, თავშესაფრის განცხადებები და პირველადი გასაუბრება უნდა ჩატარდეს თავდაპირველ მიმღებ დაწესებულებაში. სასამართლო პროცესიც უნდა დაჩქარდეს. ზოგიერთ მიწაზე, დეპორტაციის საქმეებზე თავდაპირველი გადაწყვეტილებების მიღება ხდება ოთხი თვის შემდეგ, ხოლო ზოგში ამას 39 თვე სჭირდება. ეს მიუღებელია“, – აღნიშნა კანცლერმა.