გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, შოვის სტიქიასთან დაკავშირებით, კონკრეტულ მონაცემებსა და ინფორმაციაზე დაფუძნებული დასკვნა ხვალ გასაჯაროვდება.
როგორც ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, „მუშაობენ, რათა ამ მძიმე დროს, როდესაც ასეთი მაღალია ემოციური ფონი, საზოგადოებას მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ“.
„ამ მიმართულებით არც ერთი წუთით მუშაობა არ შეგვიჩერებია. დღეს, დილას კიდევ შეფრინდნენ ჩვენი სპეციალისტები ხეობაში, ძალიან დეტალურად მოხდა ხეობის დათვალიერება.
ამ ეტაპზე რისი თქმაც შემიძლია, ხვალ უკვე გვექნება ოფიციალური დასკვნა, რომელიც საზოგადოებას გაეცნობა და ეს იქნება დასკვნა, რომელიც ემყარება კონკრეტულ მონაცემებსა და ინფორმაციას.
ამ ეტაპისთვის რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ძალიან უცბად, მყისიერი მოვლენის განვითარებას ჰქონდა ადგილი. ეს არის მყინვარული დნობის პროცესი.
მოხდა კლდე-ზვაური მასის ჩამოშლა და მყინვარის ნაწილის ჩამოშლა. ძალიან სწრაფად განვითარდა პროცესები ხეობაში, რასაც ასევე თან დაერთო ღვარცოფული და თანმდევი მეწყრული პროცესები. რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის თანხვედრასთან გვქონდა საქმე. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის მძიმე სურათი, რასაც ვხედავთ ხეობაში.
ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მოვუწოდო ყველას და ვთხოვო, რომ როდესაც ასეთი რთული ემოციური ვითარებაა, ჩვენ უნდა მოვუსმინოთ სპეციალისტებს, დავეყრდნოთ მათ მონაცემებს და არ უნდა გავავრცელოთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც საბოლოოდ საზოგადოებას შეიყვანს შეცდომაში და კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს მძიმე ემოციურ ფონს.
ჩემი თხოვნა იქნება ყველას მიმართ, გადაუმოწმებელი ინფორმაციისგან თავი შეიკავონ. სპეციალისტებს დასჭირდებათ დრო, რათა მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია მივცეთ საზოგადოებას და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გავცეთ“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
ცნობისათვის, რაჭაში, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია 16 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 210 ადამიანი. სტიქიის ეპიცენტრში დაკარგული ადამიანების ძებნა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
ფოტო: შოვის სტიქიის ზონასთან მისასვლელი დროებითი ხიდი მოეწყო
ახლობლები შოვში სტიქიის დროს დაკარგულ ლევან რაზმაძეს ეძებენ
სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას წაიკითხავთ აქ – მეწყერი შოვში