საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „შოვში მომხდარი ტრაგედიის გამოძიების დეტალებთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში ჭირისუფლებისა და ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით შეხვედრა შედგება“.
„დღესაც შევპირდი ჭირისუფლებს, რომ უახლოეს დღეებში ორგანიზება გავუკეთოთ შეხვედრას, სადაც უშუალოდ ჭირისუფლები, ყველა დაინტერესებული პირი უშუალოდ გაეცნობა ინფორმაციას, გამოძიების დეტალებთან დაკავშირებით. მათ შორის, ექნებათ საშუალება, რომ ექსპერტებს მოუსმინონ. თუ დამატებითი კითხვები იქნება, რა თქმა უნდა, ამ კითხვებსაც ჩავუღრმავდებით. ეს არის, რაც შემიძლია გითხრათ. უკვე გავეცი დაპირება, იმასთან დაკავშირებით, რომ უახლოეს მომავალში ასეთი შეხვედრა აუცილებლად შედგება“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე შოვის ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ უსამძიმრებს და აცხადებს, რომ ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია, რომელმაც შეძრა მთელი ქვეყანა.
„ერთი წელი გავიდა ზუსტად შოვის ტრაგედიიდან. ყველას გვახსოვს ეს უმძიმესი დღეები, რომლებიც ყველამ გამოვიარეთ. თუმცა, ყველაზე მძიმე, რა თქმა უნდა, ჭირისუფლებისთვის იყო ეს დღეები და კიდევ ერთხელ მინდა მათ მივუსამძიმრო.
ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია, რომელმაც შეძრა მთელი ქვეყანა. ჩვენი ვალია დღეს, რომ მაქსიმალური ყურადღება და თანაგრძნობა გამოვხატოთ. არის, მათ შორის, კონკრეტული თხოვნები ტერიტორიის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია ჭირისუფლებისთვის და აუცილებლად ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ყველა თხოვნა შევასრულოთ. ასევე, აქ იცით ალბათ, რომ ტაძარი აშენდება. ესეც არის რაღაც ერთგვარი მცირე თანაგრძნობა, რომელიც შეიძლება იყოს გამოხატული იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც დაეღუპათ საკუთარი ოჯახის წევრები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.