შრი-ლანკაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე სახის დაფარვა აიკრძალა. გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მაიტრიპალა სირისენამ კუნზულზე მომხდარი ტერაქტების შემდეგ მიიღო.
მან კანონის მისაღებად, საგანგებო ზომებს მიმართა – შესაბამისად, აკრძალვა ძალაში 29 აპრილიდან შევიდა.
„ნებისმიერი სამოსი, რომელიც ხელს უშლის პირის იდენტიფიცირებას აკრძალულია,“ – ნათქვამია ბრძანებაში, რომელსაც მუსლიმი ლიდერები აკრიტიკებენ.
ბრძანებაში კონკრეტულად არ არის დასახელებული მუსლიმი ქალების სამოსი – ნიკაბი და ბურკა.
შეგახსენებთ, 21 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე 8 აფეთქება მოხდა, რასაც 300-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ქვეყნის ხელისუფლების ცნობით, შრი-ლანკაში ამ დაჯგუფების 130-140 წევრი იმყოფება.