LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შრომის ბაზარზე წელს ვაკანსიებმა 40%-ით იკლო” – Hr.ge-ს 2020 წლის შეჯამება

20
employment-11

კორონავირუსის პანდემიამ ყველა სექტორს შეუქმნა პრობლემა, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია შრომის ბაზარზე. კრიზისის ფონზე, უმუშევრად ათიათასობით ადამიანია დარჩენილი, თუმცა პარალელურად, ბაზარზე შემცირებულია ვაკანსიების რაოდენობა.

„ბიზნესკურიერი“ დაინტერესდა რა ტენდენციები შეინიშნებოდა 2020 წელს დასაქმების მხრივ ქვეყანაში.

როგორც Hr.ge-ს რეგიონალურმა მენეჯერმა, ინგა შახბაზიანმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, 2020 წელი დასაქმების ბაზრისთვის საკმაოდ კარგად დაიწყო, განსაკუთრებით აქტიურობა შეინიშნებოდა იანვარ-თებერვალში. ამავე პრიოდში, დაახლოებით, 4500 ვაკანსია ფიქსირდებოდა.

თუმცა, მარტის თვიდან დაიწყო კლება. მარტში, აპრილსა და მაისში თითქმის მინიმუმამდე დავიდა ვაკანსიების რაოდენობა. თვის ჭრილში, ფიქსირდებოდა 70%-იანი კლება.

„რომ შევაჯამოთ წელი, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში იყო მატება, შედარებით გამოცოცხლდა ბაზარი, მაინც საბოლოო ჯამში, 2020 წელი იყო საკმაოდ პასიური წინა წლებთან შედარებით“-ამბობს ინგა შახბაზიანი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ თვიდან თვემდე ვაკანსიების რაოდენობა მერყეობდა.

ჯამურად 2020 წელს განთავსდა 35000 ვაკანსია, რაც წინა წელთან შედარებით 40%-ით ნაკლებია.

2019 წელს აღირიცხა დაახლოებთ 50 000 ვაკანსია.

რაც შეეხება მომდევნო თვეებს, Hr.ge-ს რეგიონალურმა მენეჯერმა, ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ 2021 წლის პირველ ორ კვირას არ ელოდებიან ვაკანსიების მატებას, მისი პროგნოზით, აქტივობა იანვრის მეორე ნახევრიდან, თებერვლიდან დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g