„რუსთავის აზოტის“ საწარმოში მომხდარი შემთხვევის გამო, რა დროსაც, ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა, შრომის ინსპექციის სამსახურმა საწარმო 50 000 ლარით დააჯარიმა და სამუშაოები ნაწილობრივ შეუჩერა.
შრომის ინსპექციის პირველადი ინფორმაციით, ინციდენტი კუსტარულად დამზადებული ხარაჩოს ჩატყდომამ გამოიწვია. მათივე ცნობით, ობიექტზე ინსპექტირების პროცესი კვლავ მიმდინარეობს.
„ადგილზე არსებული დარღვევები წარმოადგენს კრიტიკულ შეუსაბამობას, რის გამოც ობიექტი დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობის უფლება“, – ნათქვამია შრომის ინსპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საწარმოს მუშაობის უფლება შეუჩერეს – სს„რუსთავის აზოტის“ ობიექტზე შრომის ინსპექციის სამსახურმა კრიტიკული შეუსაბამობები დაადგინა და სამუშაოები შეუჩერა 2022 წლის ივლისშიც.
შრომის ინსპექციაში ასევე ამბობენ, რომ 2021 წელს შრომის ინსპექციის სამსახურმა სამუშაო ადგილზე არსებული დარღვევების აღმოსაფხვრელად ობიექტის მიმართ 32 მითითება გასცა, რომლებიც ამჟამად „რუსთავის აზოტის“ მიერაა გასაჩივრებული.
„შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, 2 წლის განმავლობაში კრიტიკული შეუსაბამობების განმეორებით გამოვლენისთვის განსაზღვრულია ფულადი სანქცია ბრუნვიდან გამომდინარე.
შესაბამისად სს „რუსთავის აზოტი“ სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, ასევე დაჯარიმდება 50 000 ლარით. ამჟამად, „რუსთავის აზოტში“ მიმდინარეობს სრული ინსპექტირების პროცესი და დამატებითი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, გატარდება შესაბამისი ზომები.“ – აღნიშნულია შრომის ინსპექტირების სამსახურის განცხადებაში.