სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში ნათქვამია, რომ შშმ პირთა პანსიონატებში, პაციენტებს/ბენეფიციარებს შორის ხშირია ძალადობის ფაქტები, თუმცა დაწესებულების მხრიდან არ ხდება ძალადობის პრევენციაზე ზრუნვა, სავარაუდო ფაქტების გამოვლენა და სათანადოდ რეაგირება. ომბუდსმენის განმარტებით, არც აღნიშნული ფაქტების შესწავლა განხორციელებულა დაწესებულების მხრიდან.
“შესწავლისას გამოიკვეთა, რომ სამედიცინო პერსონალი არასათანადო ყურადღებით ეკიდება პაციენტების ჩივილებს სავარაუდო ძალადობის ფაქტების შესახებ და ხშირად უგულებელყოფს კიდეც მათ. პაციენტის კონსულტირებისას, ფსიქიატრები ძალადობას, როგორც დაავადების გამწვავების ფაქტორს, არ შეისწავლიან. მაშინაც კი, როცა პაციენტზე ძალადობას შესაძლოა სისტემატური ხასიათი ჰქონდეს“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.
ასევე აღნიშნულია, რომ გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი პაციენტი სექსუალურად ძალადობდა სხვა პაციენტებზე, რასაც ხშირად თან ახლდა კონფლიქტი პაციენტებს შორის. ანგარიშში განმარტებულია მსგავს დაწესებულებებში არსებული საცხოვრებელი პირობები. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული მოპყრობისა და ზრუნვის არასათანადო მეთოდებზე წერს სახალხო დამცველი და აღნიშნავს, რომ შედეგად ზარალდებიან პაციენტები.
„დაწესებულებაში არსებული მძიმე პირობების და სივიწროვის გამო, პაციენტის განცალკევება ვერ ხერხდებოდა, რის შედეგად ზარალდებოდნენ როგორც სხვა პაციენტები, ისე სავარაუდო მოძალადე პაციენტიც, რადგან სამედიცინო პერსონალი მას ხანგრძლივი დროით აჯაჭვავდა რკინის საწოლზე. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ჩანაწერების მიუხედავად, სადაც პაციენტი ღიად აცხადებდა თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ, აღნიშნულ ფაქტს ადმინისტრაცია მხოლოდ დანარჩენ პაციენტებზე ფიზიკური ძალადობის ჭრილში განიხილავდა. უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტებს პრობლემები ექმნებათ შერეული ტიპის ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესეულებებშიც“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ბენეფიციართა შორის სავარაუდო სექსუალური ძალადობის საკითხი უფრო მწვავედ დგას შშმ პირთა პანსიონატებში. დოკუმენტში მოცემული კვლევის მიხედვით, ძალადობის მომეტებული რისკის გამო ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.
„ხშირად ბენეფიციართა ერთი ჯგუფი ცდილობს დაჩაგროს და თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს მეორე. ერთ-ერთმა ბენეფიციარმა ჩაღრმავებული ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ იგი პანსიონატში მისი ნების საწინააღმდეგოდ „გაათხოვეს“. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დიდი ზომის ინსტიტუციებში ადამიანების ცხოვრება იმთავითვე ძალადობის მომეტებულ რისკებს შეიცავს და ადამიანის ფუნდამენტური უფლების სათანადოდ დაცვას გამორიცხავს“, – განმარტებულია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში.