სოციალურ მედიაში გავრცელდა არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული, სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველი ვიდეოკადრები. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, მოსწავლეებს სიტყვიერად და ფიზიკურად ავიწროებდა.
აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაიწყო.
მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები 1-ელ მაისსვე დაიწყო, მათ შორის მშობლის თანდასწრებით გამოიკითხნენ არასრულწლოვნები.
„მიმდინარე წლის 1 მაისს, ვანის რაიონულ სამმართველოში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაიწყო გამოძიება.
გამოძიების ფარგლებში 1 მაისსვე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის კანონიერი წარმომადგენლის – მშობლის თანდასწრებით გამოიკითხნენ არასრულწლოვნები.
მომდევნო დღეებში ჩატარდა ასევე არაერთი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დამატებით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, სკოლის მოსწავლეები, სკოლის პედაგოგები, საქმეზე გრძელდება გამოძიება, ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება.
საქმეზე გამოძიება გრძელდება სსკ-141-ე მუხლის პირველი ნაწილით.
გამოძიების ფარგლებში მოხდება ყველა იმ პირის დაბარება და გამოკითხვა ვისაც აქვს ნებისმიერი ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით”, – აცხადებენ შსს-ში.