LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს: დაკავებულები არიან მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე

318
ალექსანდრე დარახველიძის განცხადება

შსს-მ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები – მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე, „რუსთაველის გამზირის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა ბურჭულაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე დააკავა.

აღნიშნული განცხადება შსს-ს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე გააკეთა.

უწყების ცნობით, მათ „ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა“

„სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეო მასალის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციის დროს ორგანიზატორების მხრიდან ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები გახმოვანდა. ასეთი მოწოდებები ჟღერდებოდა მიმდინარე წლის 4 ოქტომბრამდეც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების მიმართ გაავრცელა არაერთი მოწოდება, რომ შეკრება-მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს, თუმცა საპროტესტო აქციაზე გახმოვანებული ძალადობრივი მოწოდებების შემდგომ, აქციის რამდენიმე მონაწილემ და ორგანიზატორმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირები გადაანგრიეს და პრეზიდენტის სასახლის დაკავება სცადეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. გამოძიების შედეგებისა და ახალი დეტალების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ცნობისთვის, დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც ცნობილია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები – მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე რუსთაველის გამზირზე დააკავეს, ხოლო პაატა ბურჭულაძე კლინიკა „ჰელსიკორში“.

შეგახსენებთ, დაკავებულთაგან ხუთივე „4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრია, რომელიც გუშინ პაატა ბურჭულაძემ დაასახელა.

Dio magti 5g