შინაგან საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს ახალგაზრდებს, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ უკვე ერთ კვირაზე მეტია თბილისში ყოველდღიურად მართავენ საპროტესტო აქციებსა და მსვლელობს.
უწყების განცხადებით, თუ ქუჩების გადაკეტვა და საავტომობილო მოძრაობის შეფერხება გაგრძელდება, „კანონით გათვალისწინებულ ზომებს“ გაატარებენ.
ამასთან, შსს-ის ცნობით, იდენტიფიცირებული ჰყავთ აქციის ორგანიზატორები რომელთა მიმართაც ასევე „კანონით გათვალისწინებულ ზომებს“ გაატარებენ.
„ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.
მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს, თუმცა, აქციაზე მყოფი პირები ხანგრძლივი დროით ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურ გადაკეტვას ახორციელებენ.
გზის ხელოვნური გადაკეტვა იწვევს ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას, გარდა ამისა, ლახავს იმ პირთა უფლებებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხელს უშლის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას“, – ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
უწყება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და 11 (პრიმა) მუხლზე მიუთითებს, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე, აკრძალულია ტრანსპორტის გადაადგილებისათვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა.
„აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მოვუწოდებთ დაემორჩილონ კანონის მოთხოვნებს. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
ასევე, იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ. სამართალდამცველების მიერ მათ მიმართ შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება.“ – აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 15 აპრილიდან, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირზე დაწყებული…
Posted by შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on Wednesday 24 April 2024
