“ბოლო 14 დღის განმავლობაში ღამის კლუბების არეალიდან 112-ში გამოძახება და შემდგომ მოქალაქეების საავადმყოფოებში გადაყვანა ნარკოტიკული ინტოქსიკაციით გაიზარდა, კერძოდ, ასეთი 48 შემთხვევა დაფიქსირდა, სწორედ ამიტომ შსს იყო იძულებული, ეს ნაბიჯები განეხორციელებინა,” – ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
“ერთ რამეზე ორივე მხარე ვთანხმდებით, რომ ნარკორეალიატორებთან ბრძოლა აუცილებელი და საჭიროა. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ორი ჯგუფი გამოიყო ამისთვის, ერთი იმუშავებს ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოს აქვს რამდენიმე სერიოზული ფორმატი ჩამოყალიბებული ნარკოპოლიტიკის განვითარებასთან დაკავშირებით. ეს იქნება, ასე ვთქვათ, ხიდი, სადაც ჩვენ მოვისმენთ კოლეგების აზრს და შევძლებთ, უფრო სწრაფად დავხუროთ ის კითხვის ნიშნები, რომლებიც არსებობს.
“მეორე ჯგუფი იქნება ის, რომელიც იმსჯელებს პარასკევის ღონისძიებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს იქნება უფრო დელეგირებული ომბუდსმენის ოფისში. შსს-ს აქვს ძალზე მარტივი პასუხი – შსს-ს ყველა თანამშრომელი, რომელიც კლუბში შევიდა, იყო სამხრე კამერებით აღჭურვილი. უფლებამოსილების გადამეტების არცერთი დადასტურებული ფაქტი არ არსებობს. ეს ვერ დადასტურდება, განსაკუთრებით კლუბის შიგნით და ამაში ჩვენ კოლეგებიც დაგვეთანხმნენ. მათ ძირითადი შეკითხვები ჰქონდათ ყველაფერთან, რაც ხდებოდა კლუბის გარეთ, ქუჩაში და შესაბამისად, ჩვენ ვიპოვით ყველა ადამიანს, დაახლოებით, 70-ს, რომლებიც იმ დროს კლუბში იმყოფებოდნენ. შსს-ს სხვადასხვა კლუბში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის დღეის მდგომარეობით 20 გადაღებული შემთხვევა აქვს,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.