LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, სპეციალური საშუალება გამოიყენა: ბრიფინგი სამინისტროში (ვიდეო)

79
D4B19BE3-9ECC-4621-8E2A-21A63A41DD8B-cx0-cy3-cw0-w1023-r1-s

„თბილისში გამართული აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი“ – ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც კახა საბანაძემ თქვა, დღის განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე, პოლიცია მობილიზებული იყო და უზრუნველყო პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მშვიდობიანად წარმართვა. მას შემდეგ კი, რაც აქციის მონაწლეებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადაინაცვლეს, ძალადობრივად მოარღვიეს ჯებირი, ისროდნენ ქვებს და ბლაგვ საგნებს და სცადეს, უკანონოდ შეჭრილიყვნენ ცესკოს ტერიტორიაზე, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.
„აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, სპეციალური საშუალება – წყლის ჭავლი გამოიყენა“, – განაცხადა საბანაძემ.

მან აღნიშნა, რომ სამინისტროს მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს დაეცვათ მართლწესრიგი და დამორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, შეკრებილებმა განაგრძეს ცესკო-ს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრის მცდელობა. სხვადასხვა საშუალებით – რკინის ხელკეტებით, ქვებით, ბლაგვი და ცეცხლმოკიდებული საგნებით ჯგუფურად თავს ესხმოდნენ სამართალდამცველებს, წინააღმდეგობას უწევდნენ და არ ემორჩილებოდნენ მათ კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს გასტაცეს სპეცაღჭურვილობა – ფარი.

საბანაძის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას, ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის 3-მა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ. დაშავებულთა ნაწილს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, ნაწილი კი მკურნალობას სხვადასხვა კლინიკაში განაგრძობს.

როგორც ბრიფინგზე საბანაძემ თქვა, პოლიციამ აპროტესტო აქციაზე, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 19 პირი დააკავა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.
აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი რეაგირება და კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g