სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 863 ფაქტი გამოვლინდა.
მონიტორინგი ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით ხორციელდება.
ინფორმაციას დარღვევებისა და ჯარიმების შესახებ შინაგას საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, დაჯარიმდა 79 ფიზიკური პირი.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 784 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
შსს მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.