მხოლოდ ბოლო 48 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში დავაკავეთ ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 პირი, მათ შორის ნარკორეალიზაციასა და ნარკოდანაშაულებრივ სქემაში ჩართული 81 ადამიანი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
„მხოლოდ ბოლო 48 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში დავაკავეთ ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 პირი, მათ შორის ნარკორეალიზაციასა და ნარკოდანაშაულებრივ სქემაში ჩართული 81 ადამიანი. ამოვიღეთ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის დაკავებული პირები მოქალაქეებზე ნარკოტიკების რეალიზაციას სხვადასხვა გზებითა და მეთოდებით ახდენდნენ. მათ შორის, იყენებდნენ როგორც ინტერნეტაპლიკაციებს, ასევე, ე.წ. ხელიდან ხელში გადაცემის მეთოდსა და ნარკოტიკების კონკრეტულ ადგილებში განთავსების ხერხებს.
ჩვენმა თანამშრომლებმა ნარკორეალიზატორების გამოვლენის მიზნით, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რითაც დაკავებული პირების დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება“,- აღნიშნა გეკა გელაძემ.
მისივე თქმით, დაკავებულთა შორისაა ლატვიის მოქალაქეც, რომელიც ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
„ის საქართველოში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნახევარ კილოგრამზე მეტი წონის „კოკაინის“ შემოტანას ცდილობდა.გარდა ამისა, პოლიციელებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, აღმოაჩინეს ნარკოლაბორატორია, სადაც ნარკოტიკულ საშუალებებს კუსტარულად ამზადებდნენ. დაკავებულია ირანის 2 მოქალაქე და ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – ნახევარ კილომდე „მეტამფეტამინი”- აღნიშნა გეკა გელაძემ.
