შსს ნიკა გვარამიას განცხადებას სიცრუეს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას უწოდებს.
“ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნ. გვარამიას განცხადება იმის თაობაზე, რომ იგი ფლობს უტყუარ ინფორმაციას, თითქოს შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმები, ტელეკომპანიაში შეჭრის მიზნით, გადაყვანილია ყაზარმულ მდგომარეობაზე, არის სრული სიცრუე და მიზანმიმართული დეზინფორმაცია.
ნ. გვარამიას მედია-მიმართვა ემსახურება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და დაძაბულობის ესკალაციას.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოწოდებულია, რათა დაიცვას მოსახლეობის სიმშვიდე და უსაფრთხოება.
მივმართავთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს უსაფუძვლო და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან,”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
“რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმი ყაზარმულ მდგომარეობაზეა გადაყვანილი. გვარამია ამბობს, რომ არ არის გამორიცხული მაუწყებლის ეზოში სპეცრაზმის თანამშრომლები შემოვიდნენ მას შემდეგ, რაც მოსამართლე ურთმელიძე გადაწყვეეტილებას მიიღებს. გვარამიას მოსახლეობას დახმარების თხოვნით მიმართავს.
“არსებობს არა მხოლოდ უკანონო გადაწყვეტილების გამოტანის რისკი, არამედ არსებობს რისკი, რომ დაუყონებლივ იქნება აღსრულებაში მიცემული ეს გადაწყვეტილება და ჩვენს ეზოში სპეციალური დანიშნულების რაზმს ვიხილავთ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმები ყაზარმულ მდგომარეობაზე არიან გადაყვანილები. შესაძლებელია მიიღონ ბრძანება და ამ ბრძანების ობიექტი იქნება რუსთავი 2, თავისუფალი სიტყვა და დემოკრატიული და თავისუფალი მომავალი. ჩვენ არ დაგვიჭიროთ მხარი, მხარი დაუჭირეთ საკუთარ თავს, საკუთარი შვილების მომავალს და ქვეყნის განვითარებას. დღეს, ხვალ, ზეგ უახლოეს დღეებში წყდება ამ ქვეყნის მომავალი. ამ ქვეყნის მომავლი გადის რუსთავი 2-ზე ეს ჩვენ არ მოგვიგონია. მოგიწოდებთ შეიკრიბოთ რუსთავი 2-ის ეზოში პირველი საათიდან,” – განაცხადა გვარამიამ.
