საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილე, „ძლიერი საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, ლუკა ნაცვლიშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიება 173-ე და 166-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ბათუმში საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, რამდენიმე პირს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, სამართალდამცავებმა მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, რა დროსაც ლუკა ნაცვლიშვილი ადგილზე დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ ლუკა ნაცვლიშვილის მხარდასაჭერად და სამართალდამცავების მხრიდან განმარტებების მოთხოვნით, აქციის მონაწილეები ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილებასთან მივიდნენ.
ფოტო: ინტერპრესნიუსი