LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ს გენდერული სტატისტიკის დამუშავება დაევალა – PHR-მა შსს-ს სასამართლოში დავა მოუგო

131
1542697489-სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ შსს-ს გენდერული სტატისტიკის დამუშავება-გაცემა დაავალა. სასამართლოს შსს-ის წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) მას შემდეგ მიმართა, რაც უწყებამ საჯარო ინფორმაციის სახით მოთხოვნილი გენდერული სტატისტიკა არ მიაწოდა და შემდეგ არც ადმინისტრაციულ საჩივარზე უპასუხა.

PHR შსს-გან ითხოვდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობისა და სხვა ოჯახური დანაშაულის, ასევე ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებებზე დაწყებული გამოძიების მაჩვენებელს წლების, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებისა და  ძალადობის ფორმების მიხედვით.

სასამართლომ PHR-ის სარჩელი დააკმაყოფილა და სტამბულის კონვენციის საფუძველზე განმარტა, რომ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი კანონმდებლობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა სადავო ინფორმაციის  დამუშავება და გაცემა.

ამასთანავე, სასამართლომ მიუთითა, რომ  იმ შემთხვევაშიც კი, თუკი უწყება არ აწარმოებდა მოთხოვნილ ინფორმაციას, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, განეხილა მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემის საკითხი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენდერული სტატისტიკის წარმოებას „სტამბულის კონვენციის“ მე-11 მუხლი ავალდებულებს.

“აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია არამხოლოდ ცალკეულად, გენდერული სტატისტიკის წარმოების, არამედ უფრო ფართო კონტექსტშიც, რაც ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობასა და ქვეყანაში გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს,”- აღნიშნავენ PHR-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g