შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებით, სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად გადაფორმების სერვისი ამოქმედდა.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის – SERVICE AGENCY ან ვებგვერდი – Sa.gov.ge საშუალებით ფიზიკურ პირს შეუძლია დისტანციურად მოახდინოს საკუთარ სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების გასხვისება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად გადაფორმების ახალი სერვისის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას მომსახურების სააგენტოს დირექტორი შალვა კბილაშვილი, დირექტორის მოადგილეები, რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტისა და სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სიტყვით გამოსვლისას შალვა კბილაშვილმა აღნიშნა, რომ სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს მომსახურების პროცესების უწყვეტი განვითარება და მოქალაქეებისთვის თანამედროვე, სწრაფი და კომფორტული სერვისების უზრუნველყოფა წარმოადგენს.
პრეზენტაციის ფარგლებში სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ნინო ეფხოშვილმა, დამსწრე საზოგადოებას ახალი ელექტრონული სერვისის ფუნქციონირების პრინციპი, პროცედურები და ტექნიკური შესაძლებლობები გააცნო.
მოქალაქეებს აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის – SERVICE AGENCY ასევე, ვებგვერდის – Sa.gov.ge საშუალებით“, – აღნიშნულია შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
