LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შუახევში ახალი ჰესი შემოდგომაზე გაიხსნება

333

პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქვეყნის უმსხვილეს ინვესტორს, კომპანია   „აჭარისწყალი ჯორჯიას“ (AGL) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, კირე ოლაფ იოჰანსენს შეხვდა. საუბარი შეეხო საინვესტიციო–ინფრასტრუქტურულპროექტ  შუახევიჰესს, რომელსაც  „აჭარისწყალი ჯორჯია“ ახორციელებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შუახევიჰესის სამშენებლო სამუშაოების 75 პროცენტი შესრულებულია, მიმდინარე წლის შემოდგომაზე კი პროექტი მთლიანად დასრულდება. 2017 წლის გაზაფხულიდან ჰესი ოპერირებას დაიწყებს და საქართველოს ელექტროსისტემას 187 მეგავატი სუფთა ენერგიის მწარმოებელი სადგური შეემატება. ხაზი გაესვა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის შუახევიჰესის პროექტის მნიშვნელობას.

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ (AGL) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, კირე ოლაფ იოჰანსენმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე. მისი განცხადებით, ინვესტორის პოზიტიური შეფასება ქვეყნისთვის ყველაზე კარგი რეკლამაა, რასაც საქართველოს სიამოვნებით გაუწევს.

პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებისთვის. მისივე თქმით, კომპანიის საქმიანობა მაღალმთიან აჭარაში მხოლოდ ჰესის მშენებლობით არ შემოიფარგლება და იგი ასევე ხელს უწყობს რეგიონის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას.

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ შეიქმნა ინდური კომპანია Tata Power-ის, ნორვეგიული კომპანია Clean Energy–ის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-ის მიერ. ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 416 მილიონ ამერიკულ დოლარს.პროექტის ფარგლებში დასაქმებულია  საქართველოს 730 მოქალაქე. შუახევიჰესის პროექტი პირველი ჰიდროენერგეტიკული პროექტია საქართველოში, რომელიც სერთიფიცირებულია გაეროს ჩარჩო კონვენციის კლიმატს ცვლილებების შესახებ ნახშირბადის გამოყოფის შესამცირებლად.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტის კახა კალაძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია, „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი რონი სოლბერგი დაესწრნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g