2022 წლის 2 აპრილს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება.
შესაბამისი განკარგულებები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
ცესკოს ინფორმაციით, 2 აპრილს ამომრჩევლები პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავში აირჩევენ, საკრებულოს მაჟორიტარს კი ბათუმში.
შუალედური არჩევნებისთვის, რუსთავსა და გარდაბანში 117, ბათუმში კი 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება.
ცესკომ არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკებიც დაამტკიცა. ასევე განსაზღვრა არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა პროცედურა, მათ შორის: საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსის წესი; პირობები და ვადები და ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესი.
შეგახსენებთ, შუალედური არჩევნები საქართველოს პარლამენტის და ბათუმის საკრებულოს გამოკლებული წევრების ასარჩევად ტარდება. საკანონმდებლო ორგანო ნინო ლაცაბიძემ რუსთავის მერად არჩევის შემდეგ დატოვა, ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ჯემალ ფუტკარაძე კი გარდაიცვალა.