ბათუმის ახალ ბულვარში მდებარე არდაგანის ტბა გაწმენდილია. ტბის დაბინძურების შესახებ დღეს შვედეთის ელჩმა საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომმა Twitter-ზე დაწერა.
“შორიდან ლამაზია, ახლოდან ნაკლებად”, – დაწერა ელჩმა.
ბათუმის წყალში, რომელსაც ტბის მოვლა-პატრონობის ვალდებულება აქვს, აცხადებენ, რომ ტბა ყოველდღიურად, ზედაპირულად, სპეციალური ტექნიკით იწმინდება.
შორიდან ლამაზია, ახლოდან ნაკლებად - შვედეთის ელჩი ბათუმში დაბინძურებული ტბის ფოტოს აქვეყნებს
დიპლომატის პოსტს მოგვიანებით შპს „ბათუმის წყალი“ განცხადებით გამოეხმაურა. კომპანიაში ამბობენ, რომ ტბაში სანიაღვრე სისტემის მეშვეობით გაურკვეველი სითხე ჩაიღვარა. ამასთან, მოსახლეობას მოუწოდებენ, არ ჩაყარონ ნაგავი სანიაღვრე ცხაურსა და არხებში.
“26 აპრილს დილის საათებში არდაგანის ტბაზე დაფიქსირდა ტბაში ბლანტი, უცხო სითხის შემოდინება სანიაღვრე სისტემის მეშვეობით. ფაქტის დაფიქსირებისთანავე, ადგილზე მობილიზდა შპს „ბათუმის წყალის“ სპეცტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ქალაქის სანიაღვრე სისტემებიდან, სანიაღვრე წყლების შეკრება არდაგანის ტბაში ხდება. სანიაღვრე წყლები ხშირად დაბინძურებულია ნარჩენებით, რაც საბოლოო ჯამში, თავს იყრის ტბაში“, – ნათქვამია „ბათუმის წყლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც ტბა გაწმინდეს, ულრიკ ტიდესტრომმა ტვიტერზე გაწმენდილი ტბის ფოტო გამოაქვეყნა.
„მოცეკვავე შადრევნები“ არდაგანის ტბასთან რამდენიმე საათის შემდეგ. როგორც გავარკვიე, „ბათუმის წყალი“ ხშირად ასუფთავებს ტბას და ამ წუთებში ქალაქის ხელმძღვანელობა ტბის დაბინძურების მიზეზებს არკვევს. ტბის სრული მშვენიერება აღდგენილია“, – წერს ულრიკ ტიდესტრომმი.
Dancing Fountains pond (Ardagani lake) a few hours later. I learned that #Batumi Water cleans the lake frequently, and that authorities have been investigating a temporary pipe leakage. The full beauty of the lake seems restored 👍 @SwedeninGE #KeepGeorgiaTidy @CleanUpGeorgia pic.twitter.com/mi6fJxKDRg
— Ulrik Tideström 🇸🇪 (@UTidestrom) April 26, 2019