თხილის სექტორში საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები შვეიცარიის უმსხვილესი საცალო ბიზნესის, Migros Group, წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
აღნიშნული ჯგუფში გაერთიანებულია სასურსათო და აგრარული წარმოების სხვადასხვა მიმართულები, მათ შორის Chocolat Frey AG, წამყვანი შოკოლადის მწარმოებელი კომპანია, რომელიც შვეიცარიაში 1887 წელს დაარსდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შვეიცარიის მხარისთვის უმნიშვნელოვანესია იმ პროდუქციის, მათ შორის, თხილის ხარისხი, რომელსაც წარმოებაში იყენებენ და მიაჩნიათ, რომ საქართველოსთან უკვე არსებული თანამშრომლობის გაღრმავება მათ ინტერესში შედის იმ პირობების გათვალისწინებით, რაც საქართველოში თხილის ხარისხს, მისი კონტროლის სტანდარტებს უკავშირდება. აღინიშნა, რომ შვეიცარიის მხარე საქართველოში თხილის სექტორში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გეგმავს.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე საქართველოში თხილის დარგში არსებულ პოტენციალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დარგის განვითარებისთვის შექმნილია თხილის ტექნიკური რეგლამენტი, დანერგილია საერთაშორისო რეგულაციები და კონტროლის სისტემა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა სახელმწიფოსთვის საერთაშორისო ბაზარზე ქართული თხილის მაღალი რეპუტაციის სახელის დამკვიდრების მნიშვნელობას.