LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შვილიშვილის დაბადების შემდეგ შეიცვალა ის, რომ უფრო გადარეული გავხდი…“ – რით ჰგავს 8 თვის აიკო ცნობილ ბაბუას

1849
ზურა მანჯავიძე

ზურა მანჯავიძემ 8 თვის წინ საზოგადოებას სასიხარულო ამბავი ამცნო. ის ბაბუა გახდა და პირველი შვილიშვილი შეეძინა, გოგონა, სახელად აიკო. მას, ბაბუის მსგავსად, სულ ღიმილი აფენია სახეზე, არის კონტაქტური და ძალიან უყვარს თამაში. როცა დრო აქვს, ზურა სულ შვილიშვილთან მიიჩქარის და არ მოსწონს არავინ, ვინც ამ „საქმიანობაში“ ხელს შეუშლის.

ზურა მანჯავიძე:

აიკო რვა თვის გახდა 26-ში.

რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც ბაბუა გახდი?

შეუცვალა ის, რომ უფრო გადარეული გავხდი. ყველა ნერვებს მიშლის, ვინც ხელს მიშლის შვილიშვილთან ურთიერთობაში. რაც უფრო სარფიანი შემოთავაზებით მირეკავდეს და კორპორაციულები და ბანკეტები მემთხვეოდეს, მაინც გული შვილიშვილისკენ მიმიწევს. ეს უმსგავსოები კი, იმის გამო რომ გამამდიდრონ, ხელს მიშლიან შვილიშვილთან დროის გატარებაში (იღიმის).

როდის ახერხებ ხოლმე მის ნახვას?

ხანდახან ორი-სამი საათი მაქვს ხოლმე, გავვარდები ხოლმე. პირველი თვეები ერთად ვცხოვრობდით, როცა წამოიჩიტა, ძიძაც ავიყვანეთ და გადავიდნენ თავიანთ სახლში. ძალიან გულდათუთქული ვარ ამის გამო. ნახევარი საათიც რომ მქონდეს, გავვარდები, ვნახავ და ვატყობ, რომ აიკოსაც უხარია ჩემი დანახვა. თავიდანვე სულ იცინის, ჩემი ყველა შვილისგან განსხვავებით, კარგი გასაზრდელია.

ბაბუას ხომ არ დაემსგავსა ღიმილის სიყვარულში?

გვიანი პერიოდის ბაბუას… ისე, როგორც მატიანე იუწყება, ბავშვობისასაც კარგი ხასიათი მქონდა. რატომ იყო ყველა ჩემი ბავშვი უჟმური, არ ვიცი. აიკო დედისკენ არის უფრო წასული. დედა იყო კარგი ბავშვი. ჩემი შვილიშვილი ძალიან თბილია. უკვე ამბობს რაღაცებს. სხარტი და მოხერხებულია. ყველას თავისი შვილი და შვილიშვილი მოსწონს,მაგრამ 3-4 თვიდან უკვე ცდილობს ფეხზე დადგომას, კარგად გამოსდის ხოხვაც…. რამდენი თვის იყო, აღარ მახსოვს, ისე ტრიალებდა, საშიში ხდებოდა დატოვება…

ცალკე იტოვებ ხოლმე?

ცალკეც რამდენიმეჯერ დავიტოვე, კარგად გავერთეთ და გავართვი თავი. ახლა დაიწყო გამორჩევა – დედამისთან და მამამისთან ერთად რომ არის, თავიდან ჩემთან არ მოდის, მერე მოდის და მეთამაშება. თამაში და კონტაქტი უყვარს ძალიან…

სიმღერა?..

რაღაცებს კარგად შემოსძახებს ხოლმე. ვნახოთ, სმენა ექნება თუ არა. ჯერჯერობით მუსიკას ჰარმონიული წყობით ვერ მიჰყვება…

უმღერი ხოლმე?

კი. სიმღერები უყვარს ძალიან. ხელების კვანწვას იწყებს. რომ ეკონტაქტები და უმღერი, მოსწონს, ტაშის დაკვრაც ისწავლა.

ბაბუობა როგორ წარმოგედგინა?

15 წლიდან მზად ვიყავი ბაბუობისთვის (იღიმის). კი ვიცოდი და სულ მქონდა მოთხოვნილება, მაგრამ შვილიშვილი მთლად ასე თუ გადამრევდა, არ მეგონა. მონატრება და ფიქრები სულ პატარა არსებასთან ტრიალებს, ამ გაურკვეველ საყვარლობასთან.

მის მომავალზე ფიქრები გაქვს?

იმდენად მომწონს ის პერიოდი, რაც არის, რომ საერთოდ არ მინდა იმაზე ფიქრი, რომ უნდა გაიზარდოს, სკოლაში შევიდეს, დაამთავროს, გააგრძელოს სწავლა, გათხოვდეს და შვილები ჰყავდეს. მინდა, მაქსიმალურად შევიგრძნო მისი პატარაობის ასაკი. მინდა, სიმღერაზე, ცეკვაზე, ფიგურულ სრიალზე და კიდევ სხვაგანაც დადიოდეს კიდევ მოვიფიქრებ რამეს… (იღიმის).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g