ლილოს დასახლებაში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, რა დროსაც შვილმა დედა მოკლა, პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შვილმა დედას დანით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, ხოლო შვილის მეგობარმა დაზარალებული შებოჭა და მას გაქცევის საშუალება არ მისცა:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 აგვისტოს, თბილისში, ლილოს დასახლებაში, ჯგუფურად, შურისძიების მიზნით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შვილმა დედას დანით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, ხოლო შვილის მეგობარმა დაზარალებული შებოჭა და მას გაქცევის საშუალება არ მისცა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. გარდაცვლილის შვილს ნ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერული ნიშნით, ჯგუფურად, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით), ხოლო რ.ნ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერული ნიშნით, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, მკვლელობა 13 აგვისტოს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, შვილმა დანით დედა მოკლა, რაშიც მეგობარი ეხმარებოდა.
შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ნ.ხ. ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 2003 წელს დაბადებული რ.ნ. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს.